რომ არა ეროვნული ვალურის განსაკუთრებული სტაბილურობა, ფასები კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა
ლარის კურსი ფსიქოლოგიურ ნიშნულს - 2.70-ს ჩამოსცდა. ტენდენცია მინიმუმ ოქტომბრამდე გაგრძელდება. ნეგატიური გავლენა ამ მხრივ შეიძლება საარჩევნო პერიოდმა იქონიოს. იმ სიტუაციაში, როცა საქართველოსა და მსოფლიოში ინფლაციური პროცესი დაჩქარდა და პირველადი მომხმარების სხვადასხვა პროდუქტი ძვირდება, ლარის გამყარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდაზე კურსის გამყარების გავლენას, ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ რაიმე ხელშესახები შედეგი არ ექნება, ნაწილის ვარაუდით, ლარის სტაბილურობა ეკონომიკურ მაჩვენებელებზე დადებითად იმოქმედებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ტურისტული სეზონი ახლა აღწევს პიკს და მომდევნო თვეებშიც საკმაოდ მაღალი ფულადი შემოდინებებია მოსალოდნელი.
სპეციალისტების პროგნოზი გამართლდა და ლარის კურსი არსებულ 2.70 ზღვარს ჩამოსცდა. ამჟამად არსებული მონაცემებით, ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარი 2.6970-იან ნიშნულთან ტრიალებს.
ფინანსისტ ნიკა შენგელიას შეფასებით, ეროვნული რომ ასე მყარი არ იყოს, სამომხმარებლო პროდუქციის ღირებულება უფრო მაღალი იქნებოდა, თუნდაც საწვავი და სხვა იმპორტირებული პროდუქცია. ასეთი ტენდენიცია კი ადგილობრივი წარმოების პროდუქციასაც გააძვირებდა. მთავარია, რაიმე ფოსრმაჟორული გარემოებები არ შეიქმნას ეკონომიკაში, რაც სიტუაციას შეცვლის. მიმდინარე პროცესი კი აჩვენებს, რომ ლარის სიმყარე თანდათან გარანტირებული ხდება.
,,ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვაცხადებდი, რომ ლარის კურსი 2,70-იან ნიშნულს ჩამოსცდებოდა, რაც გამართლდა. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, კურსის გამყარება ამას ხელს არ უწყობს, პირიქით, 2,80-2,90-იანი ნიშნული ეკონომიკურ ზრდაზე უფრო სასიკეთოდაც კი აისახებოდა, რადგან იდეალურია ტურისტული სექტორისთვის, ექსპორტისა და ზოგადად ვაჭრობისთვის.
ერთ რამეს ვიტყვი, როცა კურსი 2,85-ს გადასცდა, გაზარდეს კომუნალური ტარიფები, ახლა საპირისპირო ტენდენციაა, მაგრამ გადასახადების შემსუბუქებაზე საუბარი არ არის. ამიტომ კარგი იქნება, თუ ამას ყურადღება მიექცევა.
რაც შეეხება ინფლაციას, მაღალი რისკი ფასების კუთხით მართლაც იკვეთება. 9%-იანი ინფლაციაც გვქონდა, მაგრამ ასეთი მაღალი ფასები არ გვქონია. არის მოსაზრება, რომ გამყარებული ლარი პროდუქციის გაძვირებას ზრდას ხელს უშლის, მაგრამ ამ აზრს ვერ დავეთანხმები. ფასწარმოქმნა საერთოდ სხვა პოლიტიკაა, ვხედავთ, რა უჯდება იმპორტი ბიზნესს და მოგების რა მარჟაზე გადიან. სააფთიაქო ქსელში ფასების კლება მიმდინარეობდა, მაგრამ 50%-დან 120%-მდე აქვთ დარიცხული. რა შუაშია მაღალი ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა”, - უთხრა ,,რეზონანსს” ნიკა შენგელიამ და ლარის სავარაუდო ტენდენციაზეც ისაუბრა. მისი ვარაუდით, ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია ოქტომბრის პირველ კვირაში, საარჩევნო პერიოდში დასრულდება.
განსხვავებულია სპეციალისტების მეორე ნაწილის პოზიცია, რომლის შეფასებითაც, ლარის კურსზე გავლენას ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ახდენენ, შესაბამისად, მშპ-ს ზრდაზე კურსის გამყარება დადებითად აისახება. დადებით ტენდენციაზე ამხვილებს ყურადღებას ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე.
,,ლარის გამყარება მოსალოდნელი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკური ზრდა მაღალია. პირველ 6 თვეში 8%-ზე მეტი. რაც შეეხება განმსაზღვრელ ფაქტორებს, ერთ-ერთია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. ეს ქმნის დადებით სავალუტო ბალანსს - უფრო მეტი ვალუტა რჩება ქვეყანაში, ვიდრე გადის. შესაბამისად, იგი აისახება კიდეც კურსზე. ამასთან, სავალუტო რეზერვების შესავსებლად და საგარეო ვალების მომსახურების თვალსაზრისითაც, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს ახორციელებს.
თვითონ ეკონომიკური კონიუნქტურა ლარის კურსისთვის პოზიტიურია. ჭარბი დოლარის ამოღება ხდება, რაც სავალუტო ბაზარზე დადებითად აისახება. ტურისტული სეზონი ახლა აღწევს პიკს, მომდევნო თვეებშიც საკმაოდ მაღალი შემოდინება იქნება.
ჩემი პროგნოზით, აგვისტოსა და სექტემბერში კურსი კვალავ გამყარდება, თუმცა ოქტომბერში მოსალოდნელია პროცესების გარკვეული ესკალაცია, ოპოზიციის პროტესტიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ იქნება მასშტაბური პროტესტი, შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ კურსზე საგრძნობ გავლენას მოახდენს. ოპოზიციას უყვარს ჰაერში ბუშტების სროლა, აჟიოტაჟური მოლოდინიც რომც იყოს, მოკლევადიანია. ეროვნულ ბანკს აქვს რეზერვი, ეს აჟიოტაჟი ჩააცხროს.
არც საგარეო შოკის ზეგავლენას ველოდები, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება.
ინფლაცია, ძირითადად, გარედან იმპორტირებულია, ფასების ზრდა საგარეო ფაქტორით არის განპირობებული, შესაბამისად, სტაბილური კურსი მასზე გავლენას ახდენს. გამყარებული კურსი ინფლაციურ წნეხს შეამცირებს.
ამდენად, ლარის კურსთან დაკავშირებით მდგომარეობას გაუარესებას არ ველოდები იქიდან გამომდინარე, რომ არსებული მაკროეკონომიკური გარემო ამ ეტაპზე სტაბილურია. მთავარია, რომ სებ-მა ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს კურსის გასამყარებლად და მომავალშიც დროულ ინტერვენციებს მიმართოს, რა დონეზეც რეზერვები ეყოფა. როგორც აღვნიშნე, პოლიტიკური ვითარებაც მნიშვნელოვანი გარემოებაა", - განუცხადა ,,რეზონანსს” გიორგი ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6993 ლარი გახდა. 2,70-ზე დაბლა კურსი 2024 წლის 18 სექტმბერის შემდეგ აღარ ყოფილა.
წყარო: resonancedaily.com