Air Arabia Abu Dhabi-მ ​ თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეები გაზარდა. აგვისტოს თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით აბუ დაბიდან ფრენები კვირაში 8-ჯერ უკვე სრულდება. ხუთშაბათობით კი ავიაკომპანია დღეში ორჯერ იფრენს. სამომავლოდ, Air Arabia Abu Dhabi თბილისის მიმართულებით სიხშირეების კვირაში 10-მდე ზრდას განიხილავს. ავიაკომპანია ფრენის სიხშირეებს, ასევე აზერბაიჯანის მიმართულებითაც ზრდის.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ მომხმარებელს მეტი არჩევანი შესთავაზოს და დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა პირდაპირ და ხელმისაწვდომ მგზავრობაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქსა და საქართველოს შორის.

,,ბაქოსა და თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მუდმივ მიზანს გავაძლიეროთ რეგიონული ქსელი და უზრუნველვყოთ მეტი კომფორტი და მოქნილობა მომხმარებლებისთვის.

ეს ორი დინამიკური ქალაქი კვლავ რჩება პოპულარულ მიმართულებად, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების მცხოვრებლებისთვის, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის. განახლებული განრიგები კიდევ უფრო გააძლიერებს ტურიზმსა და მოგზაურობას შორის კავშირებს და შექმნის უფრო მარტივ და ხელმისაწვდომ მგზავრობის გამოცდილებას,-‘’ნათქვამია Air Arabia ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ადელ ალ ალის გავრცელებულ განცხადებაში.

Air Arabia ახლო აღმოსავლეთის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს და ფრენებს შარჟა-თბილისი-შარჟას მიმართულებით ასრულებს. 2021 წლიდან კი საქართველოს ბაზარზე Air Arabia-ს შვილობილი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi-მ დაიწყო ოპერირება, რომელმაც პირდაპირი საჰაერო გზით ერთმანეთს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქები დააკავშირა.

თავდაპირველად ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით ოპერირებდა, ამ ეტაპზე, კი აბუ დაბიდან უკვე კვირაში 8 სიხშირით სრულდება ფრენები. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით კიდევ რამდენიმე სიხშირის დამატებას განიხილავს. 2025 წლის 7 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია აბუ დაბი-თბილისის-აბუ დაბის მიმართულებით 50 ათასამდე მგზავრს მოემსახურა.