შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საქართველოში მეწარმეობისა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერას აძლიერებს. ბაზისბანკისთვის გამოყოფილი ახალი კომბინირებული ფინანსური რესურსით, BSTDB კიდევ უფრო მყარად იკავებს რეგიონში ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკური განვითარების კატალიზატორის როლს.

დამტკიცებული 25 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური პაკეტის ფარგლებში, BSTDB ახალ დაფინანსებას თავისი მრავალწლიანი და სანდო პარტნიორის – ბაზისბანკის მეშვეობით მიმართავს. პროექტი მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე პროექტების მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს ზრდის ახალ შესაძლებლობებსა და კლიმატის მიმართ გონივრული ინვესტიციების განხორციელებას.

აღნიშნული რესურსი სრულად შეესაბამება BSTDB-ის მცირე და საშუალო ბიზნესის და კლიმატის ცვლილების სტრატეგიას. პროექტი შექმნილია ბიზნესის გაძლიერების, ინოვაციების სტიმულირებისა და ქვეყნის უფრო მდგრად და სტაბილურ ეკონომიკაზე გადასვლის მხარდასაჭერად.

BSTDB-ის პრეზიდენტმა, დოქტორმა სერჰატ ქოქსალმა აღნიშნა: „მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება და მწვანე ტრანსფორმაციის ხელშეწყობა BSTDB-ის მისიის ქვაკუთხედია. ისეთ ძლიერ ადგილობრივ პარტნიორებთან ძალების გაერთიანებით, როგორიც ბაზისბანკია, ჩვენ არა მხოლოდ ვაფართოებთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, არამედ ბიზნესს ვაძლევთ გაზრდის შესაძლებლობას, დანერგოს ინოვაციები და წვლილი შეიტანოს უფრო მდგრადი მომავლის შექმნაში. ეს ახალი ფინანსური რესურსი ასახავს ჩვენი ამოცანისადმი მტკიცე ერთგულებას, რეალური გავლენა მოვახდინოთ იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა“.

„მოხარული ვართ, რომ ამ ახალი ფინანსური პაკეტის ფარგლებში BSTDB-სთან ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას ვაგრძელებთ და ვაღრმავებთ. აღნიშნული რესურსი დაგვეხმარება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს და გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე ინვესტიციების დაფინანსებაში. გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა ბიზნესისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის და ხელს უწყობს საქართველოში უფრო მდგრად ეკონომიკურ ზრდას“. – განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

BSTDB აგრძელებს შავი ზღვის რეგიონის ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა შექმნას ეფექტური ფინანსური გადაწყვეტილებები, რომლებიც კონკურენტუნარიანობას, მდგრადობასა და გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.