გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება და რეგულაცია 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

სამინისტრო განმარტავს, რომ 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით აკრძალულია: - პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება. ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.

2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.

2031 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე.