საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი ამერიკის შეერთებული შტატების სამაგისტრო-სასტიპენდიო პროგრამის, Fulbright-ის თანადამფინანსებელი 2014 წლიდან გახდა.
რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამაში ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული ეკატერინე ჭონიშვილი გახდა, რომელიც ორეგონის შტატში, Oregon State University-ში, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ისწავლის.
განათლების გზაზე არ გაჩერდე
ეკატერინე პროფესიით ფიზიკოსია, მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, თუმცა, მანამდე კომაროვის სკოლაში წარმატებული მოსწავლე იყო. სწავლის დროს აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში, შემდეგ კი სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობდა და პროგრამირების მიმართულებით აგროვებდა სამუშაო გამოცდილებას.
ამჟამად ეკატერინე ხელოვნური ინტელექტით არის დაინტერესებული და Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობაც საკუთარი ინტერესებისა და ცოდნის განვითარების მიზნით გადაწყვიტა.
„Fulbright-ის პროგრამის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი, თუმცა უშუალოდ აპლიკაციის შევსება და მონაწილეობის მიღება შარშან პირველად გადავწყვიტე. აპლიკაცია მოცულობითია, საჭირო იყო სამოტივაციო წერილი, რეკომენდატორების მოძიება, უნივერსიტეტების შერჩევა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ Fulbribght-ი სრულად შეესაბამება ჩემს მიზნებსა და სურვილებს, ყველა ეს საჭირო პროცედურა დიდი მოტივაციით და პასუხისმგებლობით გავიარე”, - აღნიშნავს ეკატერინე.
კონკურსში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცედურა უნივერსიტეტების შერჩევაა, თუმცა Fulbright-ის კომისია საბოლოოდ თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ უნივერსიტეტებში გაანაწილებს გამარჯვებულებს:
“ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არჩეული უნივერსიტეტი ყოფილიყო კონკურენტუნარიანი. ჯერ კიდევ კომაროვის სკოლაში, სადაც კონკურენცია და სისტემატური გამოცდები ყოველდღიური რეალობა იყო, შევეჩვიე აქტიურ შრომასა და ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს. უნივერსიტეტების შერჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი მათ კავშირს ინდუსტრიასთან. ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩემთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ აკადემიური განათლება და თეორიული ცოდნა, არამედ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების რეალური შესაძლებლობები”, - გვიყვება ეკატერინე.
ეკატერინე ამერიკაში სწავლის შემდეგ გეგმავს, საქართველოში დაბრუნდეს და შეძენილი გამოცდილებით საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესში.
“მსურს მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენო ამერიკაში სწავლის პერიოდი. გარდა ამისა, დამოუკიდებლად ცხოვრება, ახალი კულტურა და ახალი ადამიანები, ვფიქრობ, მნიშვნელოვან გამოცდილებას მომცემს. საქართველოში ბოლო წლებია, რაც ხელოვნური ინტელექტი ფეხს იკიდებს. ჩემი უმთავრესი მიზანია, საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩავერთო ადგილობრივ პროფესიულ გარემოში და ხელი შევუწყო AI-ის ინტეგრაციას სხვადასხვა სფეროში”, - აღნიშნავს ეკატერინე.
მომავალ ფულბრაიტელებს, რომლებიც შესაძლოა ჯერ ვერ ბედავენ აპლიკაციის შევსებას კი ურჩევს:
“არაფერია შეუძლებელი. ყველას ვურჩევდი, რომ აპლიკაციის შევსებამდე კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ საკუთარ მიზნებზე. გულწრფელობა დიდ კონკურენციაში გამარჯვების მთავარი იარაღია. ამის შემდეგ კი მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმონ პროცესს, იფიქრონ სიღრმისეულად თითოეულ შეკითხვაზე, დეტალურად აღწერონ საკუთარი გამოცდილება და მომავალი მიზნები”, - გვიყვება ეკატერინე.
თუ თქვენც გსურთ, ისწავლოთ საზღვარგარეთ, აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge