ბუგუ - სათამაშოების ახალი ქართული ბრენდია, რომელიც სულ რამდენიმე თვეა შეიქმნა და უკვე 1200-ზე მეტი დასახელების მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებულ და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს. ბუგუს სივრცეში შეგიძლიათ იპოვოთ ყველაფერი: განმავითარებელი სათამაშოები, როლური სათამაშოები, თოჯინები, ეზოს სათამაშოები, ფიგურები, რბილი სათამაშოები.
ბრენდის მთავარი ღირებულება ბავშვების განვითარებაზე ზრუნვაა - სწორედ ეს იდეა გახდა საფუძველი, რომ თათია ფარცვანიას და თეო ბიბილაშვილს ერთობლივად შეექმნათ კომპანია, რომელსაც ექნებოდა პოტენციალი ემუშავა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და სხვადასხვა ინდუსტრიაში მიღებული მრავალწლიანი გამოცდილებები ერთი საერთო მიზნის გარშემო გააერთიანეს:
“სათამაშოების ბიზნესი პირდაპირ უკავშირდება სამყაროში ყველაზე ძვირფას მონაპოვარს - სიცოცხლეს და მის ყველაზე სუფთა გამოხატულებას - ბავშვს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ეს სფერო აგვერჩია და ჩვენი მოტივაციაც სწორედ აქედან მოდის” - თათია ფარცვანია
ბუგუს უნიკალურობა მხოლოდ სათამაშოების ასორტიმენტში არ არის - მაღაზიაში სპეციალურად მოწყობილია სათამაშო სივრცე, სადაც ბავშვებს შეუძლიათ უშუალოდ შეეხონ, გამოცადონ და შეისწავლონ პროდუქცია. ეს ერთი მხრივ ზრდასრულ მყიდველს აძლევს შესაძლებლობას, მშვიდად შეარჩიოს სასურველი ნივთი, მეორე მხრივ კი სრულად ეხმიანება ბრენდის ღირებულებას – ბავშვების განვითარების ხელშეწყობას.
“ჩვენთვის უპირობო სტანდარტი პროდუქციის უსაფრთხოება და მრავალფეროვნებაა. თუმცა ვცდილობთ, არა მხოლოდ მიმზიდველი პროდუქციით, არამედ სერვისითაც დავიმკვიდროთ თავი. გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება ჩვენი ინდუსტრიის კონკურენტულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია. ვგრძნობთ, რომ ბუგუმ ამ მოკლე დროში უკვე შეძლო მომხმარებლის სიყვარულისა და ნდობის მოპოვება, რაც ძალიან გვახარებს” - თატია ფარცვანია
ბუნებრივია, ბიზნესის ნულიდან დაწყება დამფუძნებლებისთვის მარტივი არ ყოფილა. ბიზნესმოდელის შექმნით დაწყებული, მომწოდებლებთან მოლაპარაკებებით დამთავრებული, საქმის თითოული ასპექტი დიდ რესურსს მოითხოვდა. მათ შორის საჭირო გახდა ფინანსური რესურსების მობილიზაციაც, რაშიც ბუგუს პროკრედიტ ბანკმა დაუჭირა მხარი.
“პროკრედიტ ბანკთან შედეგიანი თანამშრომლობა გადამწყვეტი იყო, რომ იდეა განგვეხორციელებინა. აღსანიშნავია, რომ მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსური ნაწილით არ შემოიფარგლა - ძალიან კვალიფიციურ და მეგობრულ გუნდთან პარტნიორობამ გაგვიადვილა, რომ განვითარების პროცესში თითოეული ნაბიჯი სწორად დაგვეგეგმა. როცა გვერდით გყავს ფინანსური ინტიტუტი, რომელიც იზიარებს შენს ხედვას და სჯერა შენი, კიდევ უფრო მოტივირებული ხდები, რომ განვითარებაზე ფიქრი არ შეწყვიტო.”- თეო ბიბილაშვილი
ბუგუ არ აპირებს მიღწეულზე შეჩერებას და გაფართოვებაზე იწყებს ფიქრს. გარდა ამისა, უკვე მიმდინარეობს სამუშაო პროცესები, ისეთი საერთაშორისო პროდუქციის შემოტანასთან დაკავშირებით, რომლებიც ქართულ ბაზარზე ჯერ არ არის წარმოდგენილი. ეს მომხმარებლებს მისცემს საშუალებას გაეცნონ სრულიად ახალ, განსხვავებული სპეციფიკის სათამაშოებს და კიდევ უფრო გააფართოვონ ბავშვების შემოქმედებითი გამოცდილება