„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ - აფბას ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 30%-იანი წილის მფლობელ ნათია ჯანაშიას  მოუწოდებს უარი თქვას დეფამაციურ კამპანიაზე და სამართლებრივ ჩარჩოებს დაუბრუნდეს, ამის შესახებ კაპანაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. შეგახსენებთ, აფბა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ირგვლივ არსებული დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

კაპანაძის თქმით, მიუღებელი და არაფრისმომცემია ის კამპანია, რომელსაც ნათია ჯანაშია რამდენიმე წელია აწარმოებს. "ნათია ჯანაშიას მიერ წარმოებული პიარკამპანია, რომელიც ხასიათდება ცილისმწამებლური სულისკვეთებით, აზიანებს როგორც ბიზნესგარემოს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებს და რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, თავად ნათია ჯანაშიასაც", - აღნიშნავს კაპანაძე.

"ჩვენ არაერთი განცხადება გავავრცელეთ, სადაც საუბარი იყო ჯანაშიას მხრიდან მოსამართლეების, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ მათი თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ცილისწამებაზე და არაარგუმენტირებულ ბრალდებებზე. მსგავსი კამპანია ნამდვილად ვერ მისცემს რაიმე დადებით შედეგს ჯანაშიას, პირიქით დააზარალებს მას და ამიტომაც უმჯობესია, რომ აქცენტი გაამახვილოს დავის საკუთრივ სამართლებრივი ფორმატებზე და საკუთარი სიმართლის დამტკიცება სასამართლოს დარბაზში სცადოს", - აცხადებს კაპანაძე.

იგი მიიჩნევს, რომ ნათია ჯანაშია დავის პოლიტიზებას, სამართლის ჩარჩოდან გასვლას და მოქმედი ხელისუფლების გაშავებას არა მხოლოდ მედია კამპანიით ცდილობს, არამედ ეს გარემოებები ნათლად იკვეთება ლონდონის სასამართლოში მის მიერ შეტანილ სარჩელშიც.

"არავისთვის საიდუმლო აღარ არის, რომ ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე დავით ცეცხლაძე ლონდონში შეტანილი სარჩელის შინაარსით ღიად და ხაზგასმულად დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილს და მოქმედ ხელისუფლებას, რომელსაც ადანაშაულებს კორუფციული რეჟიმის შექმნაში, სასამართლო სისტემაზე გავლენასა და ზეწოლაში და რუსეთისკენ გადახვევაში,“ – ამბობს გიორგი კაპანაძე.

აფბას ხელმძღვანელის შეფასებით, ორ ბიზნესსუბიექტს შორის არსებული დავა უნდა გადაწყდეს სასამართლო დარბაზში და მხარეებმა უნდა შეძლონ საკუთარი არგუმენტების დასაბუთება, მით უფრო, როდესაც საუბარია ერთი კომპანიის მაჟორიტარ და მინორიტარ აქციონერებზე.

"საგანმანათლებლო ბიზნესთან დაკავშირებით მიმდინარე ამ მასშტაბურ და თავისი არსით უპრეცედენტო დავის გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის სასამართლო დარბაზი, სადაც შეჯიბრებითობის პრინციპის განუხრელი დაცვით, უნდა მოხდეს მხარეების მიერ წარმოდგენილი არგუმენტებით ბრძოლა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. დეფამაციური და ცილისმწამებლური კამპანიით, რასაც ცალსახად აწარმოებს ნათია ჯანაშიას მხარე, ამ საკითხის გადაჭრა წარმოუდგენელია და ტოვებს ერთადერთ შთაბეჭდილებას, რომ მას არ აქვს რეალური არგუმენტები, ან პოზიციები, სამართლებრივი თვალსაზრისით, იმდენად სუსტია, რომ ცდილობს მსგავსი მიდგომით შეძლოს მაჟორიტარ აქციონერზე ზეწოლის მოხდენა და საკუთარი ფარული მიზნების მიღწევა", - დასძენს კაპანაძე.