საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერეთისას საჯარო სკოლის ეზოში, ადგილობრივი კლიმატური პირობების შესაბამისი სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგები დარგეს. გამწვანების ტერიტორია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით განისაზღვრა.

აღნიშნული აქტივობა უკავშირდება კორპორაციის მიერ დაგეგმილ პროექტს — აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ხაშური-ზესტაფონის“ ახალი, 36-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას.

ენერგეტიკული პროექტების განხორციელებასთან ერთად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გარემოსდაცვით საკითხებს და საქმიანობის არეალში გამწვანების აქტივობებს რეგულარულად ახორციელებს, რაც ხელს უწყობს მწვანე საფარის აღდგენასა და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას.

გამწვანების აქცია კორპორაციის გენერალური დირექტორის, ეკატერინე სისაურის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებაში კორპორაციის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ადგილობრივი მოსახლეობა და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.