საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ და შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა და მაკროეკონომიკური პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ რისკებსა და მათ შესაძლო გავლენაზე საქართველოს ეკონომიკაზე. ასევე, მიმოიხილეს საბანკო სექტორის მდგრადობა და განვითარების ტენდენციები, ზედამხედველობის ჩარჩო, ფინანსური სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია და კიბერუსაფრთხოების საკითხები.

ნინო ჯელაძემ ხაზი გაუსვა ADB-ის მნიშვნელოვან როლს დაფინანსების გამოყოფისა და ექპერტიზის გაზიარების კუთხით. ასევე, აღნიშნა რომ მიუხედავად მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე გაზრდილი გაურკვევლობისა, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად განაგრძობს. ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ, ხოლო საკრედიტო დანაკარგები ისტორიულად დაბალ დონეზეა.  ამავდროულად, საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა და 2026 წლის აპრილის მდგომარეობით 14.1% შეადგინა.

შეხვედრა ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის ფორმატში წარიმართა და მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა დაადასტურეს.