როგორც სააგენტო Reuters წერს, რუსეთი ყაზახეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა „აი-92“-ის მარკის 50 000 ტონა ბენზინი შეიძინოს.

სააგენტოს წყაროთა ცნობით, რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების იერიშების გამო საწვავის პრობლემები შეიქმნა, ყაზახეთში კი ბენზინი აუცილებელზე მეტია და რუსეთისთვის მისი მიწოდება შესაძლებელია.

ოფიციალურ ასტანასა და მოსკოვს ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მანამდე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგადასახადო კომიტეტმა პირველი მოსმენით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით ნავთობის კომპანიები, რომლებიც საზღვარგარეთ საწვავს ყიდულობენ, ბიუჯეტიდან სუბსიდიებს მიიღებენ. 24 ივნისის მონაცემებით, რუსეთის 24 რეგიონში ბენზინის და დიზელის საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა.