„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბას ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე ბრიტანულ-ქართული აკადემიის ირგვლივ არსებული დავის თაობაზე მედიასთან საუბარში ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის მხრიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე შეტევას ეხმაურება.

თემა ეხება დავას, რომელსაც აკადემიის ყოფილი დირექტორი, და 30%-იანი წილის მფლობელი ნათია ჯანაშია „საქართველოს განათლების ჯგუფის, ამავე აკადემიის 70%-იანი აქციონერის წინააღმდეგ აწარმოებს.

კაპანაძის შეფასებით, ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის სარჩელების შეტანის თარიღები და აქტიურობა დიდწილად ემთხვევა გარკვეული ძალების პოლიტიკურ აქტიურობას. კერძოდ, დავის მონიტორინგის ანალიზი ცხადყოფს, რომ დავის პოლიტიზებით ჯანაშიას მხარე ცდილობს გარკვეული ზეწოლა განახორციელოს სახელმწიფო სტრუქტურებზე და უწყებებზე სწორედ იმ დროს, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ძალები ორკესტრირებულად უტევენ ამათუ იმ სახელმწიფო ორგანიზაციას.

ამის ნათელ მაგალითად კაპანაძეს, ბრიტანეთში, კერძოდ კი ლონდონის სასამართლოში შეტანილი სარჩელის სრული ნარატივი და სპეციალური პუნქტები მოყავს, რომლითაც ჯანაშიას ოჯახი ქართველ მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენს – ეს პერიოდი ემთხვევა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან.

აფბას ხელმძღვანელი ასახელებს ბრიტანულ „ტელეგრაფში“ შეკვეთილ მასალასაც, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული და ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის გავრცელებულ განცხადებებს, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს ღიად ადანაშაულებენ კორუფციაში და კანონის გვერდის ავლაში.

გიორგი კაპანაძის განცხადებით, დასახელებული ფაქტები არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნათია ჯანაშია სახელმწიფო უწყებებს ღიად დაუპირისპირდა და მათ მიმართ სხვადასხვა ბრალდება ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გაახმაურა.

„ნათია ჯანაშია საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და მათ წარმომადგენლებს არაერთხელ დაუპირისპირდა. მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ გამოვაქვეყნეთ არაერთი განცხადება, სადაც საუბარი იყო იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო სისტემის, მოსამართლეებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიმართ ნათია ჯანაშიას მიერ გავრცელებულ უარგუმენტო ბრალდებებზე. სამწუხაროა, რომ ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება და ამჯერად ნათია ჯანაშია საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს უპირისპირდება ყოველგვარი არგუმენტის გარეშე“, – აცხადებს აფბას პრეზიდენტი.

გიორგი კაპანაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებაზე ამახვილებს, სადაც თავმოყრილია ოჯახის ყველა პრეტენზია საქართველოს სამართალდამცავ სისტემასთან. კაპანაძის თქმით, ყველაზე მძიმე ბრალდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაღმდეგ არის მიმართული. განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ შსს-მ ბრიტანულ-ქართული აკადემიის თანამშრომლები უკანონოდ გაიტაცა, აშინებდა მათ და დანაშაულის ფაქტები დაფარა. ხოლო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე გულგრილობაში, უპასუხისმგებლობაში და სავარაუდო კორუფციაში ადანაშაულებენ.

ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე საკუთარ მედიაგამოცემაში „მედიაწერტილი“ წერენ: „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თავდაპირველად უარი თქვა გამოძიების დაწყებაზე, სავარაუდოდ ირაკლი გილაურის გავლენების შედეგად. გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შემდეგ, გამოძიება დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობდა. დღევანდელი მდგომარეობით, გამოძიება თითქოს შეჩერდა და წინ აღარ მიდის. არის თუ არა შესაძლებელი, რომ სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ბრძოლის პირობებში, ირაკლი გილაურმა მოიპოვა და გამოიყენა გავლენები გამოძიების შესაფერხებლად? თუ გამოძიების ტემპის ვარდნა მხოლოდ უწყების გადატვირთულობის ბრალია? (ციტატის დასასრული).

„განცხადებაში სათქმელი კითხვის დასმის ფორმით არის გადმოცემული, რომელიც შინაარსობრივად მეტი კი არაფერია, თუ არა ღია დაპირისპირება, რომელიც ჩემი აზრით შანტაჟის ნიშნებსაც შეიცავს. ახლა უკვე გასაგებია შემდგომი ნაბიჯებიც – ცოლ-ქმრის გააქტიურება კონკრეტული პოლიტიკური ძალების მაისში დაანონსებულ აქტივობასთან ერთად გაიზრდება. გაიზრდება მათი მუქარების რაოდენობაც ხელისუფლების მიმართ. ამას ადასტურებს ისიც, რომ ნათია ჯანაშიამ ამ საკითხთან დაკავშირებულ სპეციალურ განცხადებაში სასტიკი უარი თქვა ბრიტანეთის სასამართლოდან სარჩელის გამოთხოვაზე, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული,“- ამბობს გიორგი კაპანაძე.