"2024 წელი წარმატებული იყო ქართული ღვინისთვის ბრიტანულ ბაზარზე და წლის განმავლობაში დადებითი გამოხმაურება და გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა", - ამის შესახებ ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა, სარა ებოტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2025 წლისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ონლაინ მარკეტებში ქართული ღვინის კომპანიების ცნობადობის გაზრდა.
„ჩვენი მიმდინარე წლის მიზანია, ქართული ღვინის პოზიციონირება მოვახდინოთ ონლაინ გაყიდვების პლატფორმებზე, რომლებიც დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებით პოპულარულია. გასათვალისწინებელია, რომ ღვინის ხარისხი იწყება ვენახიდან, შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ ექსპორტის ზრდასა და პრემიუმ სეგმენტში დამკვიდრებაზე, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ვენახის მოვლასა და პირველადი ხარისხის უზრუნველყოფასაც“, – განაცხადა სარა ებოტმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მხარეებმა დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართულ ღვინოს უნდა ჰქონდეს ძლიერი პოზიცია, როგორც ხარისხიან და ავთენტიკურ პროდუქტს.
„დიდი ბრიტანეთი ჩვენთვის სტრატეგიული ბაზარია, ამიტომ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ქართველ მეღვინეებს ბაზარზე წვდომის გაზრდაში. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია მაღალი ხარისხის, პრემიუმ კლასის ღვინის წარმოება და მისი დამკვიდრება საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს არ აქვს ბუნებრივი რესურსი, მასშტაბურად აწარმოოს დაბალი ფასის კატეგორიის ღვინო; სწორედ ამიტომ, აქცენტი ხარისხზეა“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან განიხილება როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი. ქართული ღვინის დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD” 2015 წლიდან თანამშრომლობს. სააგენტოს და ქართული ღვინის მწარმოებლებს შორის თანმიმდევრული და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, 2024 წელს ექსპორტირებული იყო დაახლოებით 426 ათასი ლიტრი ღვინო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 72%-ით აღემატება.
2025 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართულ ღვინოს დიდ ბრიტანეთში კვლავ „Swirl Wine Group” წარადგენს. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია დეგუსტაცია-სემინარები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ქართული ღვინის მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში, ასევე მიზნობრივი სარეკლამო და მედია აქტივობები, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ბრიტანულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდას.