2025 წლის 1 მაისიდან საპენსიო ფონდში ფულის შეტანის წესი იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო ფონდი ავრცელებს. კერძოდ, 1 მაისიდან წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება სრულდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც საჭიროა დამსაქმებელმა საპენსიო ფონდის ნომინალურ მფლობელების ანგარიშზე, არაუგვიანეს დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღის 24:00 საათამდე უზრუნველყოს შესაბამისი მოცულობის თანხის ჩარიცხვა/გადარიცხვა.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში, დამსაქმებელს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა და საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა.

"აქედან გამომდინარე, საპენსიო ფონდი გთხოვთ, ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ დეკლარირების დროულობას, სიზუსტეს და შესაბამისი საბალანსო თანხის არსებობას არაუგვიანეს დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღის 24:00 საათამდე.

საბალანსო თანხის მესამე პირის მიერ ჩარიცხვისას გადაამოწმეთ არის თუ არა ასახული ჩარიცხული თანხა საბალანსო თანხაში", - ვკითხულობთ საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.