„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში დასაქმებაზე სპეციალური ნებართვის საჭიროებას გულისხმობს. მისი შეუსრულებლობა დაჯარიმებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში: შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი და კრიტერიუმები, კანონით დარეგულირდება უცხოელი ფიზიკური პირების შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა (ისეთი შემთხვევები, როდესაც არ გვაქვს კლასიკური დასაქმება), გარდა ამისა, შემუშავდება კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღსრულების ახალი მექანიზმები და განისაზღვრება მათი აღმასრულებელი უწყებები. პრიორიტეტად განისაზღვრება შიდა შრომითი რესურსების დაცვა.
„უცხოელ სამუშაო ძალას მიეცემა დასაქმების უფლება მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დადასტურდება, რომ შესაბამისი პოზიციებისთვის ადგილობრივი კადრები არ არის ხელმისაწვდომი. პარალელურად, განხორციელდება ადგილობრივი სამუშაო ძალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში სამუშაო ძალაზე მოთხოვნა მაქსიმალურად შიდა რესურსებით დაკმაყოფილდეს“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
„შრომითი მიგრაციის“ კანონის გამკაცრებასთან ერთად, იგეგმება კონტროლის გამკაცრებაც. წესდება ახალი ჯარიმებიც კანონის შესაბამისი მოთხოვნის დარღვევებზე. უფრო კონკრეტულად, უცხოელის შესაბამისი უფლების გარეშე დასაქმების შემთხვევაში, დამსაქმებელიც და თავად დასაქმებული უცხოელიც 2000 ლარით დაჯარიმდებიან.
ცვლილებების მიხედვით, უცხოელების უფლების გარეშე დასაქმების შემთხვევაში ჯარიმები იქნება შემდეგნაირი: ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა ადგილობრივი დამსაქმებლისთვის (თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად) - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა შრომითი იმიგრანტისთვის - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა - გამოიწვევს თვითდასაქმებული უცხოელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული დარღვევების განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში კი ჯარიმების გაორმაგებაა დაგეგმილი.
კანონის გამკაცრების მომხრენი არიან საქართველოს პროფკავშირებში. როგორც გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი მიიჩნევს, დამსაქმებლები ვალდებულები უნდა იყვნენ, რომ ჯერ დაასაქმონ ადგილობრივი მუშახელი და თუ მათი მხრიდან შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მიგრანტის დასაქმება.
"ჩვენთან მიგრაციის კანონი 2015 წლიდან ამოქმედდა, სწორედ ამ საკითხების რეგულირების მიზნით და ეს იყო ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნაც. იმის გამო, რომ მაშინ არ იყო მთელი რიგი ისეთი საკითხები გათვალისწინებული, რომელიც მნიშვნელოვანია მიგრაციის თემის რეგულირებისთვის, დღეს მივიღეთ მოცემულობა, რომ არ არსებობს რეალური რეგულაცია, რომელიც შესაძლებელს გახდის, ერთი მხრივ, იმას, რომ არ დაიჩაგროს ადგილობრივი სამუშაო ძალა და მეორე მხრივ, თავად მიგრანტების უფლებები არ იქნას დარღვეული.
მნიშვნელოვანია ჩანაწერი, რომელიც დაავალდებულებს დამსაქმებელს, რომ დაასაქმოს ადგილობრივი სამუშაო ძალა და მხოლოდ მაშინ აიყვანოს უცხოელი მიგრანტი თუკი, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც თავად აყენებს, არ არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი სამუშაო ძალის მიერ. შემდგომ, როდესაც მოხდება მიგრანტის დასაქმება, მას უნდა ჰქონდეს შრომითი უფლებები იგივე სტანდარტით დაცული, როგორიც აქვს ადგილობრივს. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ნორმების გამკაცრება და მისი რეგულირება, საერთო ჯამში, მოგვცემს იმას, რომ დაცული იქნება, როგორც ადგილობრივი მუშახელის უფლებები, ასევე, უცხოელი შრომითი მიგრანტებიდან იქნება ერთგვარი ბალანსი”, - განუცხადა "რეზონანსს” რაისა ლიპარტელიანმა და დასძინა, რომ ჯარიმები დღესაც არსებობს, მაგრამ არის დაბალი.
კანონის გამკაცრებას ემხრობიან ექსპერტებიც. ასეთი მოსაზრება აქვს სოციოლოგ პაატა აროშიძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ კერძო ბიზნესს თანხების დაზოგვისთვის ხშირად არალეგალურადაც კი შემოჰყავს იაფ მუშახელი.
"ჩვენი საუბარი შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად. პირველი - ისრაელ-ირანის კონფლიქტამდე არსებული სიტუაცია და მას შემდეგ განვითარებული მოვლენები, რაც რადიკალურად არის განსხვავებული. ფაქტია, რომ ამ ომის შემდეგ მიგრანტთა დიდი ნაწილი დაიძვრება სხვა ქვეყნებში. სხვადასხვა სოციალურ ქსელში მთავრობის მიმართ შემხვდა მოწოდება, რომ ირანთან საზღვრები დაიკეტოს, მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ ირანთან უშუალო საზღვარი არ გაგვაჩნია, საუბარია საჰაერო გზაზე, თუმცა წარმოიდგინეთ, რომ დაბალი შესაძლებლობის მქონე ირანელი, რომელსაც შემოსავალი არ აქვს, საჰაერო გზით დატოვებს ქვეყანას? ასე რომ, ეს მოწოდება ცოტა არალოგიკურია.
რაც შეეხება ზოგადად, ომამდე არსებულ სიტუაციას, საქართველოში ბევრი მიგრანტია ჩამოსული, რომლებიც ფლობენ ბიზნესს და სხვადასხვა საკუთრებას. ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ეს საკუთრება ნომინალურად ქართველზე იყოს გაფორმებული, მაგრამ უშუალო მესაკუთრე იყოს უცხოელი. მე პირადად ვერ გეტყვით იმას, რომ ისინი სამუშაო ადგილებს ართმევენ ქართველებს, მაგრამ ფაქტია, რომ ნახეს ნოყიერი ნიადაგი საქართველოში, თავიანთი ბინზესის თუ წარმოების განვითარებისათვის.
საქართველოში შემოდიან აზიის ქვეყნებიდანაც, ინდოეთიდან ბევრი სტუდენტი ჩამოდის, რომლების სწავლობენ უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ასეთი პირებისათვის ვიზის შემოღება ან კიდევ რაიმე ტექნიკური დაბრკოლებების შექმნა, უარყოფითად წაადგება სასწავლებლებსაც და ქვეყნის ეკონომიკისაც, მაგრამ, რა თქმა უნდა, გართულებული საგარეო პროცესების ფონზე, საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება.
უცხოელები ძირითადად ისეთ ადგილებში არიან დასაქმებულები, სადაც ქართველები არ მიდიან, თუნდაც იმიტომ, რომ ხელფასი დაბალია, მაგრამ ადგილი ცარიელი არ რჩება და შემოჰყავთ მიგრანტები. მაგალითად, ბათუმში მშენებლობაზე ხშირია თურქი მოქალაქეები. ბრიგადები არიან ჩამოსული და მუშაობენ. არახალია ის ფაქტი, რომ ჩინელები ბევრნი არიან საქართველოში. დღეს, კერძო ბიზნესს თანხების დაზოგვისათვის ხშირად არალეგალურადაც შემოჰყვას იაფი მუშახელი. განსაკუთრებული ცხოვრების პირობები მათ არ სჭირდებათ. ქართველები კი მიდიან საქართველოდან და უცხოეთში ეძებენ სამუშაო ადგილებს”, - განუცხადა პაატა აროშიძემ "რეზონანსს”.
წყარო: resonancedaily.com