მსხვილი ქსელები ჯერჯერობით ფასებს ინარჩუნებენ და მე ვფიქრობ კურსის ეფექტი ამ ნაწილში. ძალიან პოზიტიურია, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საწვავზე საერთაშორისო ფასების ზრდასთან მიმართებაში ქსელების რეაგირება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ფასების კლების დროს.

„ხშირად ისმის კითხვა: თუ პასი იკლებს მას სჭირდება ჩვენი შეფასებებით 2კვირიდან 6 კვირამდე პერიოდი, რომ აისახოს იმპორტის თვითღირებულებაზე და საცალო ფასზე, თუმცა ფასის ზრდის შემთხვევაში კომპანიები მყისიერად და ძალიან მოკლე დროში ახდენენ რეაგირებას. ეს სავარაუდოდ რისკების დაზღვევას უკავშირდება. იმიტომ, რომ მათ დღევანდელი მიღებული შემოსავლით უხდებათ შემდეგი თვის მარაგების შესყიდვა, გაძვირებულის. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ასე, რომ მსხვილი ქსელები უფრო სწრაფად რეაგირებენ“, - აღნიშნა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ.

ქსელების მხრიდან აღნიშნულ ქმედებას არ ეთანხმება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთ დროს კომპანიებს უნდა ჰქონდეთ იმის რესურსი, რომ შესყიდვა განახორციელონ და ეს მოსახლეობის ხარჯზე არ მოახდინონ.

„ამისთვის სამუშაო კაპიტალი არსებობს და ეს უნდა ჰქონდეთ დიდ კომპანიებს და მომხმარებლის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

ირაკლი ლექვინაძემ კომიტეტზე ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასები გაზრდილია.

„მიმდინარე წელს გვქონდა ძალიან პოზიტიური დინამიკა საწვავის ფასების კუთხით. ეს უკავშირდებოდა განსაკუთრებით მსოფლიო ბაზარზე ფასების კლების დინამიკას. თებერვლიდან 1-ელ ივნისამდე დაახლოებით 11-12%-იანი კლება გვქონდა, პლაცის მონაცემებს თუ დავეყრდნობით და ასევე 15%-იანი კლება ბრენდის ტიპის ნავთობზე. კურსიც აჩვენებდა ძალიან პოზიტიურ დინამიკას და დაახლოებით 2,5-3%-იანი გამყარების ტენდენცია გაქვს თებერვლიდან დღემდე. ეს აისახა კიდეც აპრილში, პირველ რიგში მცირე ქსელებზე, რადგანაც ისინი უფრო სწრაფად რეაგირებენ მსოფლიო ფასების დინამიკაზე, იმიტომ, რომ მარაგები ნაკლები აქვთ და უცებ ახდენენ რეაგირებას. და მაისიდან უკვე მსხვილ ქსელებზეც აისახა. ჩვენ თუ ვნახავთ 20 აპრილიდან დღემდე დაახლოებით 17-25 თეთრის ფარგლებშია მსხვილ ქსელებში ყველა ტიპის ბენზინზე კლების ტენდენცია და დაახლოებით 20-27 თეთრის ფარგლებშია დიზელის ტიპის საწვავზე კლების ტენდენცია. თუმცა კლების ტენდენცია ირან-ისრაელის ომის შემდეგ გარკვეულწილად შეიცვალა. თუ დღევანდელ პლაცს შევხედავთ თითქმის დაუბრუნდა თებერვლის მაჩვენებელს. დაახლოებით 739 დოლარის ფარგლებში“, - აღნიშნა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ.