სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში ქართული ღვინის ექსპორტი 43%-ით შემცირდა, მთავარ ბაზარზე რუსეთში კი კლებამ თითქმის 60% შეადგინა.
2025 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე გავიდა 71.534 მლნ დოლარის ღირებულების 23 895 ტონა ქართული ღვინო, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში კი 126.155 მლნ დოლარის 45 098 ტონა.
ღვინის ექსპორტის შემცირების მთავარ მიზეზებზე ღვინის ექსპორტის მენეჯერი, ნატალია ბასილიძე საუბრობს.
მისი თქმით, 2025 წელს ქართული ღვინის ექსპორტის მკვეთრი შემცირების ძირითადი მიზეზი რუსეთის მიმართულებით გახდა.
"2025 წელს ქართული ღვინის ექსპორტის მკვეთრი შემცირების ძირითადი მიზეზი რუსეთის მიმართულებით გახდა. კერძოდ, წლის დასაწყისში რუსეთში იმპორტირებულ ღვინოზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა. რუსმა დისტრიბუტორებმა 2024 წლის ბოლოს აქტიურად შეისყიდეს ქართული ღვინო და შექმნეს მნიშვნელოვანი მარაგები.
შედეგად, 2025 წლის იანვარ-აპრილში ახალი პარტიების მიმართ მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა. ეს გარემოება ასევე განმარტავს, თუ რატომ დაფიქსირდა განსაკუთრებით დიდი კლება სწორედ რუსეთის ბაზარზე — თითქმის 60%-ით, მაშინ როცა სხვა ბაზრებზე შემცირება შედარებით ზომიერი იყო. არსებული მონაცემებიდან გამოდის, რომ რუსეთის წილი ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში 2024 წლის 79%-დან, თითქმის 56%-მდე შემცირდა", - აღნიშნავს ბასილიძე "ბანკები და ფინანსებთან" საუბარში.
ცნობისთვის, საუბარია ტარიფებზე, რომელიც რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ 2023 წლიდან დააწესა, მას შემდეგ რამდენჯერმე გაზარდა და ამჟამინდელი მდგომარეობით 25%-ის ფარგლებშია. აღნიშნული ტარიფების გამო, რუსეთში 2025 წლის პირველ კვარტალში „არამეგობრული ქვეყნებიდან“ ღვინის იმპორტი 51%-ით შემცირდა. თუმცა, ამჟამად საქართველოსთვის ეს ტარიფები არ მოქმედებს.