როდესაც მომავლის პროფესიებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროები გვახსენდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
უკვე 4 წელზე მეტია, კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით, STEM ოლიმპიადას ვატარებთ, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრი.
სასკოლო პროგრამის მიღმა: ახალი უნარების განვითარება
ოლიმპიადა მოსწავლეებს სთავაზობს ისეთ კომპლექსურ და საინტერესო გამოწვევებს, რომლებიც სცილდება სტანდარტული სასწავლო პროგრამის ფარგლებს. მონაწილეები არა მხოლოდ ფიზიკასა და მათემატიკაში იღრმავებენ ცოდნას, არამედ სწავლობენ პრობლემის კრეატიულად გადაჭრას, კრიტიკულ აზროვნებასა და, რაც მთავარია, გუნდურ მუშაობას. ეს ის უნარებია, რომლებიც მათ მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ.
ინტერესის გაღვივება მომავლის პროფესიებისადმი
STEM ოლიმპიადა ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართ ინტერესს აღვივებს. ეს სფეროები დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადია როგორც საქართველოს, ისე გლობალურ შრომის ბაზარზე. ოლიმპიადაში მონაწილეობა მოსწავლეებს ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი და პირველი ნაბიჯები გადადგან წარმატებული კარიერისკენ.
ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და ხელშეწყობა
ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობაა. ოლიმპიადა მათ საშუალებას აძლევს, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, გაიარონ გადამზადება კომაროვის სკოლის სპეციალისტებისგან და მიიღონ ხარისხიანი ცოდნა ამ სფეროში.
საბოლოოდ, STEM ოლიმპიადა აერთიანებს ახალგაზრდებს, რომლებიც არ ჩერდებიან, მუდმივად ეძებენ განვითარების გზებს და მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის პროგრესში. ჩვენი მთავარი გზავნილიც ხომ ესაა – განათლების გზაზე არ გაჩერდე.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge













