"დღეს ჯენსენთან შევთანხმდით, რომ დავაფუძნებთ საქართველოს სუპერკომპიუტერების ცენტრს NVIDIA-ს მოწყობილობებითა და მხარდაჭერით", - ამის შესახებ კრიპტო იურისტი და კრიპტობანკ Yield App-ის რეგიონული მმართველი პარტნიორი ლევან ბოძაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ჯენსენ ჰუანგი - ლეგენდა ადამიანი! ერთადერთი კაცი, რომელიც 33 წელია თვითონ არის NVIDIA-ს დამფუძნებელიც და CEO-ც.
დღეს ჯენსენთან შევთანხმდით, რომ დავაფუძნებთ საქართველოს სუპერკომპიუტერების ცენტრს NVIDIA-ს მოწყობილობებითა და მხარდაჭერით, რომელიც ხელინტის ქარხნის წინაპირობაა, ხოლო ქარხნის მშენებლობას და მრავალმილიონიან ინვესტიციას მთავრობის მხარდაჭერა და ნება ესაჭიროება.
რამდენიმე წელია NVIDIA-სთან ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების ქარხნის გახსნის შესაძლებლობაა საქართველოში. ვულოცავ სომხეთს ამ საქმეში წარმატებას, თუმცა ჩვენ შეგვეძლო ეს ბევრად ადრე გაგვეკეთებინა, რომ წინა მთავრობების ელემენტარული ნება ყოფილიყო, რაზეც არაერთხელ ვისაუბრე. არც ახლაა გვიან, თუმცა რეგიონალური ლიდერის როლი ამ ნაწილში მკვეთრად შესუსტდა სომხეთში ინვესტიციით.
დღეს NVIDIA არის უპირობო ლიდერი ყველაფერში და მის გარეშე ვერც კი იარსებებს ვერცერთი გიგანტი ბაზარზე.
ეს კომპანია აქტიურად შევიდა დღეს ევროპის ბაზარზე და უპირობო მხარდაჭერა აქვს აბსოლუტურად ყველა ლიდერისგან.
მთავარი უპირატესობა რაც ხელოვნური ინტელექტის ქარხანას მოაქვს გარდა უდიდესი შემოსავლებისა, არის ქვეყნის მონაცემების დაცვა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა. თუ არ გაქვს ე.წ. მონაცემთა ცენტრი, იგივე ხელინტის ქარხანა, შენი დამოუკიდებლობა რეალურად ბუტაფორიაა. როგორც ჯენსენი ამბობს, შეიძლება ყველაფრის გარედან შეტანა ქვეყანაში, მაგრამ არა ინტელექტისა და მონაცემების მართვა სხვის მიერ. ამიტომაც, ყველა ქვეყანა აფუძნებს ამ ცენტრებს.
დღეს სხვა სამყაროა, სხვა მსოფლიო და სხვა მიდგომებია საჭირო", - წერს ბოძაშვილი.