როგორ შეიძლება, აისახოს ისრაელ-ირანის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს პროცესებს საქართველოს ეკონომიკაზე – ამ საკითხებთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ ისაუბრა.
როგორც ცუცქირიძემ განაცხადა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, კონფლიქტი მოკლევადიანი იქნება , თუ ხანგრძლივი. მისი თქმით, თუ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი მოკლევადიანი იქნება, ჩვენს ეკონომიკაში , ან ფასებზე, ან ინფლაციაზე რაიმე ცვლილება არ მოხდება.
“ვხედავთ, რომ სიტუაცია მარტივი არაა. ახლო აღმოსავლეთი აქვეა. ჩვენ არ ვიცით, ესკალაცია რა ფაზაში გადავა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ეს იქნება შედარებით მოკლევადიანი კონფლიქტი, თუ უფრო ხანგრძლივი. ეს მაინც ლოკალური კონფლიქტია, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს აშშ ეხმარება, მათ შორის, კოსმოსიდან და სადაზვერვო ინფორმაციით, იგივე რაკეტების ჩამოგდების საკითხში. მაგრამ, ამ კონფლიქტში ამერიკა ჯერ ოფიციალურად ჩართული არაა. მოკლევადიანი ჩვენზე ნაკლებად აისახება. მოკლევადიანში ვგულისხმობ პროცესს, რომელიც ახლაა. დღეს, არც მთავარი მაგისტრალებია ჩაკეტილი, მიუხედავად იმისა, რომ რაკეტების ორმხრივი სროლაა. ეს ჯერ სახმელეთო ოპერაციებში არ გადასულა. თუ სახმელეთო ოპერაციებში გადავა, ეს უკვე ლოკალური კონფლიქტის რეგიონულ და გლობალურ კონფლიქტად გადაფორმატებას ნიშნავს. მოკლევადიანში იგულისხმება, ეს პროცესი უახლოეს 10 დღეში საით წავა, ესკალაცია გაიზრდება, თუ პირიქით, დაწყნარებისკენ წავა. შეიძლება, ისრაელმა განცხადება გააკეთოს, რომ ამ ოპერაციის მთავარი მიზანი – ატომური ინფრასტრუქტურის განადგურება დასრულდა და ირანს არ აქვს შანსი, ატომური იარაღი აწარმოოს. სხვა სცენარიც არსებობს – შუამავლების მეშვეობით საზავო ხელშეკრულების გაფორმება. აქ ასეთი პირობა ვიცით, რომ ირანმა ატომური იარაღის წარმოებაზე საერთოდ უარი უნდა თქვას.
ანუ, მოკლევადიანში ვხედავთ, რომ საქართველოში ჯერ არაფერი ხდება, პროცესები არც სავალუტო კურსს დატყობია, არც ფასებს. კონფლიქტის ლოკალური განვითარება ხანგრძლივი განვითარებისგან აბსოლუტურად განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ირანს შორის ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვა თითქმის გაორმაგებულია, ირანი ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი მაინც არაა. ათეულში შედის და რიგით მეათეა. საქართველოს და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის მონაცემებით, 322 მილიონი დოლარი იყო. თვალსაჩინოებისთვის: ჩვენი საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წელს 23,5 მილიარდი იყო. ანუ ფაქტობრივად, ირანთან 1 %-ია. აქედან გამომდინარე, რაიმე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ირანთან სავაჭრო ბალანსი უარყოფითი გვქონდა. ექსპორტი მხოლოდ 48 მილიონი იყო, მაშინ როცა იმპორტი 285 მილიონი იყო. რა საქონელი შემოგვქონდა: ძირითადად, ეს ნავთობპროდუქტები, მაზუთი , დიზელი, სამშენებლო მასალები. მაგრამ, საზღვარი რომც ჩაიკეტოს, ეს ჩანაცვლებადია. ამან შეიძლება ფასებზე ძალიან ხანმოკლე ზეგავლენა მოახდინოს. შემდეგ დაბალანსდება. იგივე ნავთობპროდუქტებს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიღებთ. ანუ , ნავთობის იმპორტი დივერსიფიცირებულია. აქ რაიმე დეფიციტის შექმნა რომ წარმოვიდგინოთ, სერიოზული არაა.
ირანთან ვაჭრობა რომც ჩაიკეტოს, ეს ფასებზე რაიმე სერიოზულ გავლენას არ მოახდენს.
მოკლევადიანში ჩავთვალოთ, რომ ეკონომიკაში რაიმე ცვლილება, ან ფასებზე, ან ინფლაციაზე არ მოხდება. ინფლაციური ზეწოლის განეიტრალება არც ეროვნულ ბანკს დასჭირდება, მაგალითად, მონეტარული განაკვეთის გაზრდით. მოკლევადიანში შედარებით ნაკლებად ვართ რისკის ქვეშ”- განაცხადა ცუცქირიძემ.