მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვება ჩვენი მოლოდინების შესაბამისია, - აცხადებს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.
ოთარ ნადარაია ამბობს, რომ განაკვეთის 8%-ზე დატოვებას, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს
„გასათვალისწინებელია, როგორც ეს სებ-ის პრესრელიზშია აღნიშნული, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოსაა, თუმცა მზარდი დინამიკით ხასიათდება. ასევე, გაიზარდა გეოპოლიტიკური რისკები, რაც უკავშირდება იმ სამწუხარო მოვლენებს, რაც ახლო აღმოსავლეთში ვითარდება“, - აღნიშნავს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.
ოთარ ნადარაია ფიქრობს, რომ ახლო აღმოსავლეთში ბოლო დღეებში განვითარებული საომარი მოქმედებების მიუხედავად, სებ-ი დიდი ალბათობით განაკვეთს მაინც უცვლელად შეინარჩუნებდა
„როგორც ყოველთვის გასათვალისწინებელია საერთაშორისო მასშტაბით რა განაკვეთებია, იგივე აშშ-ში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკური აქტივობა მაღალია. ამავდროულად ლარის კურსის კუთხით ამ ეტაპზე ზეწოლა ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც, სებ-ი რეკორდული რაოდენობის დოლარის შესყიდვებს ახორციელებს. ანუ ისტორიულად ასეთი ეპიზოდები განაკვეთის დაწევასთან ასოცირდებოდა, თუმცა დღეს კონტრარგუმენტები ბევრია და შესაბამისად შენარჩუნება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო“, - აცხადებს ნადარაია.