„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ - აფბა შეშფოთებას გამოთქვამს საფინანსო სექტორის წინააღმდეგ აგორებულ სახიფათო და დამაზიანებელ კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნული ბანკის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და რომელსაც, შესაძლოა, საფინანსო სექტორის რყევა და ლარის დევალვაცია მოჰყვეს შედეგად.

„ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა, ბუნებრივია, უარყოფითი გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე და ბოლო დღეებში მისი გაუფასურება განაპირობა. ეს პროცესი „იკითხებოდა“ კიდეც, რამდენადაც, არასტაბილური და დაძაბული პოლიტიკური მომენტი, როგორც წესი, ყოველთვის ნეგატიურად აისახება ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე და ასეა ეს არა მხოლოდ საქართველოში.

აქ საგულისხმო ის არის, რომ გარკვეული ჯგუფების მხრიდან, ხელოვნურად ხდება ეროვნული ვალუტის კურსის თემის პოლიტიზება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ნათელია, რომ ეს პროცესი საფინანსო სექტორის რყევას და ამ ფონზე პოლიტიკური დივიდენდების გამომუშავებას ისახავს მიზნად. ისახავს მიზნად და მას არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია.

რეალურად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს არანაირი საფუძველი არ აქვს და ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, ბოლო დღეებში მიმდინარე ეს პროცესი წმინდა წყლის აჟიოტაჟური ხასიათისაა. პროცესი განპირობებულია მიმდინარე პოლიტიკური მომენტის ხასიათით და არა ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესებით.

შესაბამისად, ამ პროცესში და ამ კონტექსტში, განსაკუთრებით და განსაკუთრებულად ისმის და მიუღებელია ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის (2007-2014) განცხადება, სადაც ის საბანკო სექტორის ერთდღიანი გამაფრთხილებელი გაფიცვის მიზანშეწონილობას პრაქტიკულად დადებით კონტექსტში განიხილავს და ასევე საუბრობს იმაზე, თითქოს ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტო შეზღუდვები და დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე რეგულაციების დაწესებაა დაგეგმილი.

აფბას მიაჩნია, რომ დღეს საფინანსო სექტორი არის საკმარისად მდგრადი და ლიკვიდური, ბანკებს გააჩნიათ შესაბამისი ბუფერები, რათა გაუმკლავდნენ ყველანაირ შოკებს. ლიკვიდური აქტივების მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და 18 მილიარდი ლარის ეკვივალენტს აჭარბებს, რაც უმეტესად უცხოურ ვალუტაშია ფორმირებული. ამიტომ და ამდენად, რაიმე საფრთხე, დეპოზიტების მომსახურების კუთხით, ბუნებრივია, არ დგას. ამავდროულად ეროვნული ბანკის ხელთ არის არაერთი ინსტრუმენტი, რათა, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს როგორც საბანკო სექტორის მდგრადობა, ასევე ლარის სტაბილურობა.

აფბა კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკურ ჯგუფებს, სისტემასთან უახლოეს წარსულში თუ მიმდინარე მომენტში უშუალო შემხებლობაში მყოფ პირებს, თავი შეიკავონ ნაჩქარევი, ცილისმწამებლური, ცრუ და სპეკულაციური განცხადებებისგან, ვინაიდან ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა თანაბრად მნიშვნელოვანია საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქისთვის, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის მიუხედავად“, - ნათქვამია განცხადებაში.