2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ძალაში უნდა შესულიყო 51-ე და 52-ე დადგენილებები, თუმცა ამოქმედების პერიოდი გადავადდა.
დადგენილებები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის რიგ პრობლემურ საკითხებთან არის დაკავშირებული, მათ შორის საქართველოს ბიზნესასოციაციაც აცხადებდა, რომ დადგენილებები „შეიცავდა ფარმაცევტულ ბაზარზე პროდუქციის დეფიციტის შექმნის რისკებს, ვინაიდან ადგილობრივი წარმოება ვერ მოასწრებდა ახალ სტანდარტებთან ადაპტირებას“.
ცნობისთვის, 52-ე დადგენილების თანახმად, ფარმაცევტული წარმოების პროცესში გამოყენებული აქტიური ნივთიერება წარმოებული უნდა ყოფილიყო ისეთი ქარხნის მიერ, რომელიც GMP სტანდარტებს აკმაყოფილებდა. 51-ე დადგენილების მიხედვით კი, ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მარეგულირებლის, აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ან საქართველოს მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული GMP სტანდარტით წარმოების დამადასტურებელ დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო ხდებოდა.
„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე აღნიშნავს, რომ რეგულაციის მიღება კრიტიკული მნიშვნელობის არ ყოფილა. მისი თქმით, მეტად მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი გაკეთდეს ქვეყანაში მედიკამენტების ჭარბი მოხმარების შემცირებაზე.
„ეს დადგენილები ეხებოდა ზოგადად ხარისხის თემას. მე არ ვთვლი, რომ ამის ამოქმედება კრიტიკული იყო. ჩვენ სხვა რამეს ვითხოვდით, ეს ეხებოდა მედიკამენტების ჭარბ მოხმარებას. უფრო კონკრეტულად, პოლიფარმაცია ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების მოხმარების ხარჯზე არაპროპორციულად იყო გაზრდილი. აღნიშნული დადგენილებები ამ მიზანს არ ემსახურებოდა და ამას ვერ შეამცირებდა,“ - აღნიშნა მორჩილაძემ.
სამედიცინო სექტორის მოთხოვნად კვლავ რჩება იმგვარი ცვლილებების მიღება, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტების ნებაყოფლობით რეგისტრაციას დაარეგულირებს.
„ჩვენი მოთხოვნა კვლავ რჩება ის, რომ უნდა მიიღონ ისეთი რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში ფარმაცევტული პროდუქტების ნებაყოფლობით რეგისტრაციას შეწყვეტს. ჩვენი ბაზარი გაჯერებულია ჰომეოპათიური და საკვები დანამატებით, რასაც არანაირი სამკურნალო თვისებები არ გააჩნია. შესაბამისად, ეს აწვება მხოლოდ პაციენტის ჯიბეს.
საყურადღებოა საკვებ დანამატებზე დღგ-ს განაკვეთიც, მას შემდეგ რაც საერთაშორისოდ საკვებ დანამატად აღიარებული ფარმაცევტული პროდუქტი რეგისტრირდება მედიკამენტად, მწარმოებელს ეგზავნება მისი წამლად რეგისტრაციის მოწმობა, რის შემდეგაც ამ პრეპარატებისთვის ხდება წამლის შესაბამისი საერთაშორისო საბაჟო კოდის მინიჭება და ის უკვე თავისუფლდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან.
ასევე საყურადღებოა, რომ უკვე რეგისტრაციის შემდეგ ფარმაცევტულ პროდუქტი იძენს „რეკლამირების“ უფლებას. როგორც მოგეხსენებათ კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის“ შესახებ კრძალავს საკვები დანამატების რეკლამირებას“, - განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.
წყარო: BPN.GE