სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 13.7 პროცენტით გაიზარდა და 58.8 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის მესამე კვარტალში მისი მოცულობა 23.1 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით მეტია.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 66.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.4 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 18.2 პროცენტი კი – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 45.6 პროცენტი, საშუალოზე – 24.2 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 30.2 პროცენტი.
უწყების ინფორმაციით, 2024 წლის მესამე კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 30.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.7 პროცენტით მეტია, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 17.7 მილიარდი ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 2.4 პროცენტით აღემატება.
2024 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 788.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.0 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.3 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.7 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.7 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.4 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 36.9 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 743.2 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 973.7 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 12.6 პროცენტით აღემატება.
2024 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 190.1 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 182.9 ლარით, ხოლო, მათ შორის, ქალების ხელფასმა 1 702.3 ლარი შეადგინა. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 2 233.9 ლარი; საშუალო ბიზნესი – 2 565.0 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 885.8 ლარი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 34.0 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.6-პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 8.2-პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 7.0-პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.8-პროცენტიანი წილით, ხოლო 12.5 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
2024 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (19.6 პროცენტი) და მშენებლობა (19.5 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (18.6 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.3 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.0-პროცენტიანი წილი უჭირავს.
2024 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ, შესაბამისად, 28.6, 11.6 და 9.4-პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.6 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.5 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში და პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს თბილისი.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 66.1 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.2 პროცენტი; იმერეთი – 6.4 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.5 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4 პროცენტი; კახეთი – 2.7 პროცენტი; შიდა ქართლი – 2.2 პროცენტი; მცხეთა-მთიანეთი – 1.7 პროცენტი; სამცხე-ჯავახეთი – 1.4 პროცენტი; გურია – 0.9 პროცენტი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3 პროცენტი.