განახლებადი ენერგიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკისთვის მსხვილი ჰესების აშენება აუცილებელია. როგორც მაია მელიქიძემ BMG-ის განუცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული.
მისივე შეფასებით, არსებულ სიტუაციაში სწორი მიდგომა მსხვილი ჰიდროპროექტების მშენებლობაში სახელმწიფო ჩართულობა იქნება.
„მსხვილი პროექტების ვერ ან არ აშენების შემთხვევაში, ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით სერიოზულად დამოკიდებული გახდება რუსეთზე. თურქეთს და სომხეთს არ აქვთ საკმარისი ელექტროენერგია, რომ ჩვენთან მოახდინონ იმპორტი. აზერბაიჯანიდან გაზი შემოგვაქვს, რითიც თბოსადგურებს ვამარაგებთ და ელექტროენერგიას ვაგენერირებთ.
ჩვენ ელექტროენერგიით ჩვენს თავსაც ვერ ვაკმაყოფილებთ, საუბარი აღარაა იმაზე, რომ ექსპორტი განვახორციელოთ. ვხედავთ, რომ „ნამახვანის“ შემთხვევამ, ამ პროექტის ჩაშლამ გარკვეულწილად ნდობა დაუკარგა მსხვილ ინვესტორებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ სიტუაციაში ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვრჩება, რომ ჩვენივე ფულით ავაშენოთ მსხვილი პროექტები. შემდეგ შეგვიძლია უკვე ვიმსჯელოთ მათ გაყიდვაზე. ეს უკვე შემდეგი ეტაპია, მაგრამ პირველ ეტაპზე ამის გარეშე უბრალოდ გაგვიჭირდება, რომ განვავითაროთ როგორც სექტორი, ასევე ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
ცნობისთვის, გასულ კვირაში ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობისთვის მსხვილი ჰესების პროექტები კვლავ აქტუალური და პრიორიტეტულია. მისი განცხადებით, არსებობენ დაინტერესებული ინვესტორები, რომლებიც „ხუდონჰესის“ განხორციელებას განიხილავენ. ამასთან, მინისტრმა თქვა, რომ „ნენსკრაჰესის" პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სამხრეთკორეულ სახელმწიფო კომპანიასთან K-Water-თან გრძელდება.
წყარო: BMG