მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ გასულ თვეებთან შედარებით დაიკლო და 1.0% შეადგინა. ივლისთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.1%-ით შემცირდა
საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 0.9% შეადგინა
ადგილობრივი ინფლაცია შემცირებას განაგრძობს - აგვისტოში ის 1.1%-მდე შემცირდა

საბანკო სექტორი

ივლისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.3%-ით გაიზარდა

დეპოზიტების დოლარიზაციამ ივლისში 48.5% შეადგინა

ივლისში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.14 პპ-ით, 44.2%-მდე შემცირდა

საგარეო სექტორი

იმპორტი - ივლისში საქონლის იმპორტი წლიურად 7.2%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება უმეტესად საინვესტიციო სახის საქონლის იმპორტის მაღალმა ზრდამ განაპირობა. შუალედური და სამომხმარებლო სახის საქონლის ჯგუფების იმპორტი კი ზომიერად გაიზარდა

ექსპორტი - ივლისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 29.9%-ით გაიზარდა და 684.6 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. საქონლის ექსპორტის მატება მეტწილად სამომხმარებლო სახის საქონლის ექსპორტის მატებამ განაპირობა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე შუალედური და საინვესტიციო სახის საქონლის ექსპორტი
ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 90.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.