"პროცესები, რომელიც ჩვენს რეგიონში ვითარდება, აშკარად სცილდება მხოლოდ გეო ეკონომიკურ ხასიათს და უკვე აშკარად გეოპოლიტიკურ დატვირთვას იძენს", - ამის შესახებ ანალიტიკოსი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ბანკები და ფინანსები" ცუცქირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"პროცესები, რომელიც ჩვენს რეგიონში ვითარდება, აშკარად სცილდება მხოლოდ გეო ეკონომიკურ ხასიათს და უკვე აშკარად გეოპოლიტიკურ დატვირთვას იძენს.
ბოლო დღეებში ინფორმაციას ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებაზე, მოყვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია აზერბაიჯანში თურქეთის უდიდესი საჰაერო ძალების სამხედრო ბაზის განლაგების შესახებ, რაც 5 ივლისს Telegram-ის რამდენიმე არხმა გაავრცელა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ელდარ ნამაზოვის განცხადების ციტირებით. ზანფეზურის დერეფანი, რომ მხოლოდ გეო ეკონომიკური პროექტი არ არის აქედანაც იკითხება. სამხედრო ბაზას სწრაფი ლიჯისტიკური ინფრასტრუქტურა ესაჭიროება, რითაც ბაზის მომარაგების პრობლემაც წყდება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა, ეს ფაქტობრივად ამიერკავკასიაში ნატოს შემოსვლას ნიშნავს.
საექსპერტო თვალსაზრისი იხრება იქითკენ, რომ ამ პროცესების უკან მოიაზრება დიდი ბრიტანეთი. ბრიტანეთი რომლის პატრონაჟითაც გასული საუკუნის 20 იან წლებში ფაქტიურად გადარჩა თურქეთი მთლიან დაშლას და დიდი პორტას ადგილზე შეიქმნა დღევანდელი თურქეთი. დღეს ბრიტანეთი იგივე PAX Britanika, ფაქტიურად გასული საუკუნის რეიმეიქს ახორციელებს სამხრეთ კავკასიაში დაბრუნებით. სწორედ ბრიტანეთის გასვლას ამიერკავკასიიდან და რუსეთთან გარიგებას მოყვა წითელი არმიის მიერ ამიერკავკასიის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია.
ხშირად არასწორად კეთდება ბრიტანეთზე აქცენტები რომ ის ლობირებს ზანგეზურის დერეფანს, როგორც შუა დერეფნის ალტერნატივას. ეს დერეფანი გარდა იმისა, რომ დროშია გაწელილი, და ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზითაც 3-5 წელიწადში, რომ ამოქმედდეს, ტვირთბრუნვის გამტარიანობითაც ვერასდროს გახდება შუა დერეფნის სრული ალტერნატივა, ვერც სახმელეთო და მით უმეტეს საზღვაო და საჰაერო ლოჯისტიკით!
ნიშანდობლივია, რომ ამ საექსპერტო თვალსაზრისისკენ იხრება ოფიციალური ლონდონის პიზიცია. ივლისის დასაწყისში, 2 ივლისს ლონდონში გამართულ კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სავაჭრო წარმომადგენელმა აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში - ლორდმა ჯონ ალდერდაისმა (John Alderdice), მკაფიოდ აღნიშნა შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა და განაცხადა, რომ UK Export Finance (UKEF) განიხილავს საქართველოს პორტებისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტებს. ეს არ არის რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, არამედ გამოხატავს ოფიციალური ლონდონის პოზიციასაც. ბრიტანეთის საექსპორტო სააგენტოს პოზიცია, რომელიც განსაზღვრავს ლონდონის საგარეო სავაჭრო პილიტიკის პრიორიტეტებს, ახმოვანებს დიდი ბრიტანეთის მზარდ ინტერესს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო ქვეყნის ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური როლის მიმართ. როდესაც ხაზს ვუსვამ ხოლმე ჩვენი ქვეყნის დიდ პერსპექტივას ახალი გეო პოლიტიკურ არქიტექტურაში, სწორედ ამ ფაქტორებს ვიღებ მხედველობაში.
ბუნებრივია, ეს პროცესები ასე მარტივად არ განვითარდება, რადგან ერთგვარ პოლიტიკურ ენდშპილშია რუსეთის და ჩინეთის ინტერესებთან. არც რუსეთი და არც ჩინეთი ამ ახალ რეალობას უპრობლემოდ არ მიიღებს. ირანმა ოფიციალურად დაადასტურა ჩინეთიდან 40 თანამედროვე J-10C საბრძოლო თვითმფრინავის მიწოდება, რაც რეგიონალური დაძაბულობის ფონზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ხოლო რუსეთმა უკვე დაიწყო სამხედრო ინფრასტრუქტურის და ცოცხალი ძალის გადასროლა გიუმრის ბაზაზე.
საქართველომ ერთხელ გლობალური პოლიტიკის არასწორი შეფასების შედეგად, რასაც სამწუხაროდ თან სდევდა შიდა პოლიტიკური დაპირისპირება, დამოუკიდებლობაც დაკარგა და ტერიტორიებიც. იმედია ეს მწარე გამოცდილება, ამჯერად კარგი გაკვეთილი იქნება, ახალი გადანაწილებისას ჩვენი ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე. ჩვენ გვმართებს მაქსიმალური პოლიტიკური სიმშვიდის პირობებში ამ პერიოდის ნაკლები დანაკარგებით გავლა.
ნებისმიერი სახის პოლიტიკური რადიკალიზაცია და დესტაბილიზაცია დამოკლეს მახვილივით იქნება დაკიდებული ქართული სახელმწიფოს სხეულზე, რადგან მანევრირების საშუალებას მინიმუმამდე დაიყვანს! ეს პირველ რიგში რადიკალური ოპოზიციის ნაწილს ეხება, საკუთარი ეგოცენტრული ხედვის იქით, რომ ვერ იხედებიან. დრო ნაკლებად გაარჩევს ვინ იყო მტყუანი და ვინ მართალი!", - წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.