წარმოიდგინეთ ასეთი დილა - იღვიძებ, ფინჯანი ყავით ხელში ფანჯარასთან მიდიხარ და ხედავ, რომ შენი ხედი უსახური ბეტონის ნაცვლად ფერადი და შთამაგონებელია. გარეთ გადიხარ, სეირნობ, ერთ-ერთი კედელზე ვაჟა-ფშაველას ხედავ, ხოლო იქვე ახლოს სუხიშვილები ლეგენდარულ ხორუმს ცეკვავენ. ამავე დილას, ბათუმში მოსეირნე წყვილი კუპატას გამოსახულებას შესცქერის. ქუთაისში, მაღაზიიდან გამოსული ბებო კი, კოსმოსური გოგონას ნახატით ტკბება. ამ ყველაფერს შორის, სადღაც ჩნდება კითხვა: ვინ ქმნის ამ ფერად და ემოციურ სცენებს? ვისი ხელწერაა? პასუხი მარტივია - ეს „ნიკოა“. მოძრაობა, რომელიც საქართველოს ურბანულ სივრცეებს ახალ სიცოცხლეს საქართველოა ბანკთან პარტნიორობით სძენს.

ნიკოს ამბავი და ფიროსმანის გავლენა

„ნიკოს“ ისტორია 2017 წელს დაიწყო. მაშინ, როცა მეგობრებს გაუჩნდათ იდეა, თბილისის ნაცრისფერი ქუჩები გაეფერადებინათ. სურდათ ეპოვათ არტისტები, შეექმნათ ესკიზები და დაეწყოთ საქმე, რომელიც მხოლოდ კედლებს კი არა, ქალაქის განწყობასაც შეცვლიდა. ბუნებრივია, ეს მარტივი არ ყოფილა. ქუჩის კედელზე ხატვა დიდ ორგანიზებას, ფინანსურ რესურსებს და ბიუროკრატიულ ნებართვებს მოითხოვდა. თუმცა, პირველმა წარმატებულმა საცდელმა ფესტივალმა გზა გაუკვალათ - მას მოყვა სხვა ფესტივალები, სხვა ქალაქები, ქვეყნიდან გასვლა და კიდევ უფრო მეტი ნამუშევარი. 2017 წლიდან დღემდე ისტორიულ, კულტურულ თუ ემოციურ თემებზე „ნიკოს“ 200-ზე მეტი ნახატი აქვს შექმნილი. გუნდი 18 არტისტს აერთიანებს, რომელთაგან 9 პროექტის ავტორებმა “ნიკო მაღლივის“ ფარგლებში აღმოაჩინეს.

ნიკოს იდეის ავტორი და თანადამფუძნებელი, სანდრო კვანტალიანი ჩვენთან საუბრისას სახელისა და ლოგოს შექმნის ისტორიას იხსენებს:

„იდეა მაშინ გაჩნდა, როცა გუნდი აბანოთუბანში, „ნიკალას“ გვერდით აღმოვჩნდით. თითქოს, ყველაფერი თავისთავად მოხდა. ქუჩის ხელოვნების ფესტივალისთვის სახელის ძიებაში მივხვდით, რომ სწორედ ფიროსმანი იყო ის სიმბოლო, რომლის სახელიც უნდა აგვერჩია. სახელთან ერთად მოვიდა ლოგოც. ფიროსმანის ერთ-ერთი ცნობილი ნახატიდან ავიღეთ ძაღლის მოტივი. იმ ძაღლის, რომელიც ჩვენსავით ქუჩაშია, თავისუფალი, გულწრფელი და ერთგული. სიმბოლურია, რომ ხატვის დროს კედლებთან ხშირად მართლაც იკრიბებიან ქუჩის ძაღლები. გვიმეგობრდება, თავისებურად ზრუნავენ და გვიცავენ. თითქოს იციან, რომ იქ, იმ კედელზე, რაღაც მნიშვნელოვანი იბადება.“

ესკიზიდან რეალობამდე

ქუჩის კედელზე ნახატის გადატანა მხოლოდ შემოქმედებითი პროცესი არ არის. სანამ ფერები კედელზე აისახება, არაერთი ბიუროკრატიული პროცესის გავლაა საჭირო.

თავდაპირველად „ნიკოს“ გუნდი შესაფერის ადგილებს ეძებს, შემდეგ კორპუსის მცხოვრებლებს ესაუბრებიან, იდეას აწონებენ, ბოლო ნაბიჯი კი მერიის ნებართვაა. ამის შემდეგ იწყება ტექნიკური მომზადება. ესკიზის გადასატანად საჭიროა ამწე, გადამღები ჯგუფი, შესაბამისი საღებავები, ხელსაწყოები და სწორად დაგეგმილი დრო. აქ ჩნდება ახალი თავის ტკივილი, ამინდი. ვინაიდან, ზედმეტი სიცხე, წვიმა ან ქარი პროცესს აფერხებს. იდეალური პერიოდი გაზაფხულის ბოლო და შემოდგომაა. როცა ყველაფერი მზადაა, იწყება მოლოდინით სავსე ეტაპი - ხატვა. ჯერ კონტურები ჩნდება, შემდეგ ფერებიც ემატება და ბოლოს, ნაცრისფერ კედელზე რეალობად იქცევა ესკიზი, რომელიც შთაგონებას, ისტორიასა და ემოციას ატარებს.

ერთად მოხატული კედლები

წლების განმავლობაში „ნიკოს“ არტისტებმა საქართველოს არაერთ ქალაქში დატოვეს კვალი. თითოეული ნახატი ყველა ასპექტის გათვალისწინებით უნიკალურია. ზოგი მოგონებას აღვიძებს, ზოგიც ღიმილს იწვევს, ზოგი კი უბრალოდ გვახსენებს, რომ როგორც სანდრო ამბობს: „ხელოვნება შესაძლებელია იყოს ყველგან.“

2019 წლიდან „ნიკოს“ პარტნიორი საქართველოს ბანკია. ამ თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა არაერთი ისტორიული თუ კულტურული მნიშვნელობის ნახატი. მათ შორის, ვაჟა-ფშაველას პორტრეტი, სუხიშვილების ხორუმი, ფეხბურთისა და სპორტის სიყვარულით შთაგონებული არაერთი ნამუშევარი, ყველასთვის კარგად ნაცნობი ბათუმელი კუპატა, 26 მაისის კედელი, გოგონა კრისტალით, გურული მხედრების მურალი ნატანებში, ოზურგეთის გზაზე. მოძრაობის მოყვარულ და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ პარტნიორებს კიდევ არაერთი პროექტი აქვთ ერთობლივი ძალებით კიდევ ბევრი საერთო ჩანაფიქრი აქვთ.

ასევე, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ნიკო მაღლივი“, რომელიც ხელს უწყობს დამწყებ მხატვრებს. წელიწადში ერთხელ მათ ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, გაავრცელონ საკუთარი ესკიზები და გამარჯვების შემთხვევაში მათი ნამუშევრები მაღლივის კედელზე მოხვდეს. ეს არის ერთგვარი სტარტი, „სავარჯიშო სივრცე“ რომელიც ახალბედა არტისტებს დიდი მიზნების რეალობად ქცევაში ეხმარება.

ქუჩის ხელოვნება, რომელიც საზღვრებს სცდება

„ნიკოს“ მოძრაობამ არა მხოლოდ საქართველოს ქუჩებს შემატა ფერები და სიცოცხლე, არამედ ქართველ არტისტებს საშუალება მისცა, საკუთარი კვალი უცხოეთშიც დაეტოვებინათ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ამ გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობა გახდა. ნიკოსა და ჩეხეთის ინსტიტუტის პარტნიორობით, ქართველი არტისტები ფესტივალზე მიიწვიეს, სადაც პირველი საერთაშორისო მურალიც შეიქმნა. წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ გაჩნდა არტისტების გაცვლის იდეაც. ამ ფორმატში, მხოლოდ გასულ წელს, ჩეხეთში სამი განსხვავებული ნახატი შეიქმნა.

გარდა ჩეხეთისა, პროექტმა შემოთავაზებები ავსტრიიდანაც მიიღო. თბილისში ვიზიტისას, ფესტივალის ავსტრიელმა გუნდმა ნიკოს გუნდი გაიცნო და ეს მეგობრობა შემდეგში ქართველი მხატვის - დანტეს ავსტრიაში სტუმრობით გაგრძელდა.

მიმდინარე პროექტების გარდა, ნიკოს გუნდი სამომავლო გეგმებზეც აქტიურად მუშაობს. მათი მიზანი ისევე როგორც დასაწყისში, ერთია - მეტი შინაარსი, მეტი ფერი და მეტი ისტორია. რას გულისხმობენ კონკრეტულად? ამას მალე ვნახავთ. ჯერჯერობით კი მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ გზის გაგრძელება ,,ნიკოს” ხელწერის შესაფერისი მასშტაბური და ფერადი ნახატებით, ისევ საქართველოს ბანკთან ერთად იქმნება.