თბილისში „ურბანული ტყის“ პროექტი დასრულების ეტაპზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განხორციელებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 ათასამდე ნერგი, განახლებულია საფეხმავლო და ველობილიკები, მოეწყო სარწყავი სისტემა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.

პროექტის მიზანია დედაქალაქში მწვანე სივრცეების აღდგენა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. 24-მილიონიან პროექტს სრულად საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.“

„ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო და სამაგალითო ნიმუში, სადაც შეიძლება, საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით შეიძლება, შენარჩუნებული იყოს ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნება, რომელიც ასე გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას და ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ფონდ „ქართუს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გეგმური რგვები 2021 წლიდან მიმდინარეობს.

„ამ პროექტის ფარგლებში შეირჩა შესაბამისი ჯიშები, სხვადასხვა ხის 42 ნაირსახეობა. მათი გეგმური რგვები მიმდინარეობს 2021 წლიდან. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც საშუალებას აძლევს როგორც თბილისელს, ისე აქ ჩამოსულ ტურისტს, ჩაისუნთქოს სუფთა ჰაერი, ისეირნოს და დატკბეს ამ სილამაზით“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.