საქართველოში თხევადი გაზი კიდევ გაძვირდება. ამის შესხებ „ბიზნესპრესნიუსთან“თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ნარიმან ფიცხელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის თხევადი გაზის გასამართი სადგურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

„ფასი მუდმივად იზრდება მომწოდებლების მხრიდან, ბირჟებზე მუდმივი გაძვირება და შეფერხებები მიმდინარეობს. შესაბამისი შედეგი ამ დღეებში უკვე აისახა და კიდევაც აისახება ქართულ რეალობაში.

ამ ეტაპზე ერთი ლიტრის ღირებულება 1.60-1.70 ლარამდე მერყეობს და ვვარაუდობ, რომ ამ კვირაში უკვე 1.80 ლარამდე გაძვირდება. ზოგიერთ სადგურზე უკვე 1.75 ლარი ღირდა.

სამწუხაროდ, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება და საიმედოსაც ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა ნარიმან ფიცხელიანმა.

შეგახსენებთ, თხევადი გაზის ფასის მატება ბოლო თვეებში დაიწყო. ივნისში, „ბიზნესპრესნიუსთან“ თხევადი აირის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნიკა ხოფერიამ დაადასტურა, რომ თხევადი გაზის ფასის მატება კვლავ გრძელდება.

ცნობისთვის, საქართველო მთლიანად იმპორტირებულ თხევად გაზზეა დამოკიდებული. იმპორტი კი ქვეყანას თითქმის 40%-ით გაუძვირდა. კერძოდ, საქსტატის ცნობით, თუ 2025 წლის იანვარ-მაისში ერთი ლიტრი საწვავის იმპორტი (გადასახადების გარეშე) საშუალოდ 0.37 დოლარი ჯდებოდა, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 0.50 დოლარი შეადგინა. ამასთან, 81.5%-ით გაიზარდა იმპორტის მოცულობაც.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 22 705 ტონა გათხევადებული პროპანი იყიდა, ჯამში 11.434 მლნ დოლარის ღირებულების, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტის მოცულობამ 12 506 ტონა (4.550 მლნ დოლარი) შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელი მონაცემები რეკორდული მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ. (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე გათხევადებული პროპანის იმპორტის მაჩვენებელზე მონაცემები ხელმისაწვდომი სწორედ 2009 წლიდან არის).

წყარო: BPN.GE