საქართველოს ფინანსთა მინისტრის №180 ბრძანებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ წესში ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც აქტიური გადამხდელის სტატუსის მინიჭების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრა.

BDO-ს საკანონმდებლო მიმოხილვის მიხედვით, ახალი რეგულაციით, გადასახადის გადამხდელს აქტიური სტატუსი შეიძლება მიენიჭოს, თუ მის სახელზე რეგისტრირებულია მოქმედი POS-ტერმინალი, მობილური POS-ტერმინალი ან ელექტრონული კომერციის ტერმინალი, აქვს აქტიური საბანკო ანგარიში, გამოწერილი აქვს საგადასახადო დოკუმენტი, ფლობს მიკრო, მცირე ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსს, ან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად და ეს რეგისტრაცია მოქმედია.

ამასთან, აქტიური სტატუსის მინიჭება მხოლოდ აღნიშნულ პირობებზე არ არის დამოკიდებული. დოკუმენტის თანახმად, გათვალისწინებულია სხვა გარემოებებიც, მათ შორის ახალი რეგისტრაცია, კანონით განსაზღვრული დეკლარაციების დროულად წარდგენა, საგადასახადო ვალდებულებების შესრულება და საკონტროლო-სალარო აპარატზე ბრუნვის დაფიქსირება.

ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შეფასების მიზნით მას შეიძლება მიენიჭოს ერთ-ერთი სტატუსი: აქტიური გადამხდელი, პასიური გადამხდელი, არამეწარმე ფიზიკური პირი ან ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელი.