„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება, კერძოდ, მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპორტის 771.3 მლნ. აშშ. დოლარის მოცულობის მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც რეკორდულია სხვა წლების ივნისის თვეებს შორის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 20.4%-ით გაიზარდა და ივნისის თვის რეკორდული მოცულობა - 771.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით,  ასევე რეკორდულია მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებიც. ჯამურად, წელს იანვარ-ივნისის პერიოდში ექსპორტი 20.1%-ით არის გაზრდილი და მისი მოცულობა ასევე რეკორდულ ოდენობას - 3,876.7 მლნ აშშ. დოლარს შეადგენს.

„უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, ის მაჩვენებლები, რაც საგარეო ვაჭრობის კუთხით და განსაკუთრებით ექსპორტის მიმართულებით ფიქსირდება, საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია, რომელიც ორიენტირებულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე და მის მხარდაჭერაზე. სახელმწიფო აგრძელებს კერძო სექტორის აქტიურ მხარდაჭერას და, ფაქტობრივად, არაერთი სახელმწიფო პროგრამის მოდერნიზება ხდება, რომლებიც უფრო მეტადაა მორგებული კერძო სექტორის საჭიროებებზე “, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

2026 წლის ივნისში სავაჭრო ბრუნვამ ივნისის თვის რეკორდული მაჩვენებელი - 2,396.4 მილიონი აშშ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.3%-ით მეტია. 2026 წლის იანვარ-ივნისში სავაჭრო ბრუნვა 5.8%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ - 12,925.6 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა.