„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მთავრობის გადაწყვეტილებას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელით აშენების შესახებ, „ძალიან სწორ და მიზანშეწონილ“ ნაბიჯად აფასებს.
აბაშიძის განცხადებით, სარკინიგზო სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პორტის ფუნქციური პროფილის გაფართოება. თუ აქამდე პროექტის ძირითადი კონცენტრაცია მხოლოდ საკონტეინერო მიმართულებაზე იყო, ახალი მოდელით ანაკლია მრავალფუნქციურ საზღვაო ჰაბად ჩამოყალიბდება.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის. ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით მიემართება მშრალი და ნაყარი ტვირთები. ეს პორტი უკვე იქნება მრავალფუნქციური, რომელიც აღნიშნული ტვირთების გადაზიდვაში ჩაერთვება“, - აღნიშნავს ლაშა აბაშიძე.
„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ინფრასტრუქტურის ამგვარი დივერსიფიკაცია ქვეყანასა და სარკინიგზო მაგისტრალს შესაძლებლობას მისცემს, მნიშვნელოვნად გაზარდონ გადაზიდვების საერთო მოცულობა და გაცილებით მეტი ტვირთის გატარება უზრუნველყონ.













