„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მინორიტარი აქციონერის, ნათია ჯანაშიას მიერ წამოწყებულ დავაში ინტერესთა კონფლიქტის ახალი კერა ჩნდება, რაც ამჯერად თავად მოსარჩელე მხარის - ნათია ჯანაშიასა და მის ინტერესების დამცველს, ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს ურთიერთობებს ეხება. ანალიტიკოსებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ადვოკატის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვა, რომელმაც უფლებადამცველი რეპუტაციული რისკებისა და პროფესიული უხერხულობის წინაშე დააყენა.

დაძაბულობის საფუძველი გახდა 2025 წლის 14 დეკემბერს თბილისი-ლონდონის რეისზე მომხდარი ინციდენტი. ტარიელ კაკაბაძემ ვიდეომიმართვაში, ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საჯაროდ განაცხადა, თითქოს ინციდენტს ადგილი ჰქონდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ჯანაშიას ადვოკატის თქმით, ინვესტორების მხრიდან ჯანაშიას ოჯახის მიმართ მუქარა განხორციელდა.

თუმცა, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) მონიტორინგის სამსახურის ცნობით, თავად ჯანაშიას კონტროლირებადი გამოცემების არაერთი პუბლიკაციით დასტურდება, რომ ადვოკატს საჯაროდ რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაცია გაავრცელებინეს. რეალური ფაქტები აჩვენებს, რომ ინციდენტი მოხდა ბრიტანეთის ავიახაზების ბორტზე, სადაც დავით ცეცხლაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოპონენტებს, რის გამოც ბრიტანეთის პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ადვოკატის დაშვებული შეცდომის შემდეგ, გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ ტარიელ კაკაბაძეს დაუკავშირდა ოფიციალური წერილით და საქმის იურიდიულ დეტალებთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვება გაუგზავნა. გამოცემა ადვოკატ კაკაბაძეს მტკიცებებზე დოკუმენტურ დასაბუთებას ითხოვდა.

ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ მედიის მიერ დასმულ კითხვებს გონივრულ ვადებში პასუხი ვერ დაუპირისპირა და იურიდიული არგუმენტაციის გარეშე დატოვა. ექსპერტების შეფასებით, კლიენტის მხრიდან ადვოკატის შეცდომაში შეყვანა და შემდგომ მედიის კითხვებზე პასუხის გაუცემლობა, საგრძნობლად აზიანებს დაცვის მხარის პოზიციებს სამართლებრივ სივრცეში, სადაც ჯანაშიას მხარეს ისედაც უსუსტესი პოზიცია აქვს.

ინციდენტის არასწორი ვერსიის გახმაურების შემდეგ, ტარიელ კაკაბაძე მედიაში აღარ გამოჩენილა. ამ გარემოებების გამო გაჩნდა საფუძვლიანი კითხვები ნათია ჯანაშიასა და მისი უფლებადამცველის შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების გამო. არც ჯანაშიას და არც მის ადვოკატს არასწორი ფაქტების გავრცელების გამო კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ანალიტიკოსების ინფორმაციით, ნათია ჯანაშიას მიერ საკუთარი ადვოკატებისთვის ინფორმაციის დამახინჯებით მიწოდება პირველად არ ხდება, რის გამოც საფრთხე ექმნება თავად უფლებადამცველების პროფესიულ ავტორიტეტს.

შეგახსენებთ, რომ პარალელურად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდში, 2019-2024 წლებში, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ კუთვნილი 4 მილიონი დოლარის სავარაუდო მიტაცებისა და გაფლანგვის ფაქტზე. ამავე პერიოდში ნათია ჯანაშიას მიერ დაგროვებულმა ქონებამ 60 მილიონ ლარს გადააჭარბა.