ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო შპს "ლოპოტას" მიერ $11 მლნ-ისა და €6.9 მლნ-ის მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციების წარმატებული განთავსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
ემისია $20 მლნ-ის მოცულობის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც კომპანიისთვის სადებიუტოა.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს ისეთი მასშტაბისა და რეპუტაციის მქონე კომპანია უერთდება , როგორიც "ლოპოტაა".
"2025 წელი საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ემისიების მხრივ რეკორდული აქტივობით გამოირჩეოდა. წლის განმავლობაში გამოშვებული ობლიგაციების ჯამურმა ღირებულებამ ₾1.5 მლრდ-ს გადააჭარბა. მაღალი აქტივობა გაგრძელდა 2026 წელსაც: დღევანდელი მდგომარეობით, "ლოპოტას" ემისიების ჩათვლით, შვიდმა ემიტენტმა ბაზარზე ცამეტი საჯარო კორპორაციული ობლიგაცია განათავსა, რომელთა ჯამური ღირებულება ₾570 მლნ-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდს დაახლოებით 80%-ით აღემატება", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ სიტყვით გამოსვლისას.













