„ნათია ჯანაშიას ნაბიჯების დესტრუქციული ხასიათი, ბოლო დროს, კიდევ უფრო გამოიკვეთა და ნათელი გახდა, რომ ერთი სულისკვეთებითაა გამსჭვალული მიდგომასთან, რომელიც გულისხმობს შემდეგს - „რაც უარესი, მით უკეთესი“.
სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ ეს მიდგომა ახასიათებს დღევანდელი პოლიტიკურ ოპოზიციასაც და ეს მიდგომა არის წარმმართველი ნათია ჯანაშიას კამპანიაშიც, რომელსაც ის მესამე წელია ინვესტორის წინააღმდეგ აწარმოებს, თუმცა რეალურად, უკვე აშკარად სცდება კერძო დავის ფარგლებს და საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანო კამპანიის ნიშნებს იძენს“, - აღნიშნავს “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის შესახებ საუბრისას ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე. შეგახსენებთ, ამ დავის სხვადასხვა ასპექტის თაობაზე ანალიტიკოსი, პერიოდულად, საკუთარ შეხედულებებს მედიითა და სოციალური ქსელით აზიარებს.
„ნათია ჯანაშიას გადაბიჯებული აქვს სასოწარკვეთის ზღვარზე. მისი დავ ა გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან და მასშტაბურ, დესტრუქციულ კამპანიად არის ქცეული.
ამ კამპანიის პიკი იყო პოლიტიკურ-ემოციური სპეკულაციები და ქვეყნის ეკონომიკის საბოტაჟისკენ მოწოდება. შესაბამისად, ნათია ჯანაშიას სტრატეგიაში პირადი ინტერესების დაკმაყოფილება ყველაფრის ფასად - თუნდაც მთლიანი ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ინტერესების დაზიანების ხარჯზე -პირველ ადგილზე დადგა“, - ამბობს ანალიტიკოსი.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ნათია ჯანაშიას მიერ გამოცხადებული ბოიკოტი, რომლისკენაც ის საზოგადოებას მოუწოდებს, კარგა ხანია, აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ცალკეული კამპანიებით. სამიზნეში მოხვდა სექტორები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ ხერხემალს წარმოადგენენ.
„როგორც იცით, საუბარია კომპანიებზე, რომელთა ჯამური კაპიტალიზაცია 5 მილიარდ ლარს აჭარბებს და ქვეყნის მშპ-ის 4%-ზე მეტს შეადგენს. ნათია ჯანაშიას აგრესიული კამპანიის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა: საბანკო და საფინანსო სისტემა, - ქვეყნის სისტემური სტაბილურობის გარანტი. სამედიცინო და სადაზღვევო სექტორი, - ათასობით მოქალაქის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სფერო. ენერგეტიკა და განათლება, -ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მომავალი.
როდესაც პირადი კორპორაციული ამბიციების გამო უტევ ინდუსტრიებს, სადაც საქართველოს ათასობით მოქალაქეა დასაქმებული, აშკარა ხდება, რომ რაც უფრო მეტად შეზანზარდება ეს სექტორები, მით უფრო „მოგებული“ ჰგონია თავი პროცესის ინიციატორს“, - განმარტავს ცუცქირიძე.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა ნათია ჯანაშიას მოწოდება საზოგადოებისადმი, რომ მასობრივად დახურონ ანგარიშები და გაიტანონ დეპოზიტები ქვეყნის ერთ-ერთი სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკიდან.
„ეს სხვა არაფერია, თუ არა გააზრებული, ეკონომიკური და რეპუტაციული შეტევა ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამ შეტევის, ამ ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო ნაბიჯების მთავარი მიზანი კი ერთია - ქვეყანაში დადგეს უარესი ვითარება.
ეს აძლევს ხელს ნათია ჯანაშიას, მისი ყველა ნაბიჯი ამ მიზნის მიღწევის მცდელობაა,“ - აცხადებს ცუცქირიძე.
„ნათია ჯანაშიამ კერძო დავა საზოგადოებრივ ნდობაზე, ინვესტორთა განწყობებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე გადაიტანა და ამით შექმნა უმძიმესი ამორალური პრეცედენტი, რომლის ანალოგსაც უბრალოდ, ვერ ვიხსენებ.
თუმცა, საბედნიეროდ, ფაქტია, რომ მისი ეს მოწოდება საყოველთაო ბოიკოტისკენ და უაპელაციო განცხადებები საბოლოოდ სრულიად უნაყოფოგამოდგება.
ბუნებრივია, ქართული ბიზნესგარემო და საზოგადოება კარგად ხედავს ნათია ჯანაშიას ამ კამპანიის რეალურ, პერსონალურ მოტივებს.
ამდენად, ცხადია, რომ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა, საერთაშორისო ნდობა და ათასობით სამუშაო ადგილი ვერ გახდება ცალკეული პირების მძევალი. შესაბამისად, დევიზი „რაც უარესი, მით უკეთესი“ ყოველთვის დამარცხდება იქ, სადაც საზოგადოებასა და ბიზნესს განვითარება და სიმშვიდე სჭირდება“, - დასძენს ცუცქირიძე.













