„მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში ნათლად იკვეთება, რომ არა ინვესტორი რომელმაც სკოლის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შესასრულა, ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართულ აკადემიას“, სავარაუდოდ, გაკოტრებამდე მიიყვანდა,“ - ამის შესახებ აფბას მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ.

შეგახსენებთ, აფბა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ბიზნეს დავის მონიტორინგს ახორციელებს. დავა აკადემიის ყოფილმა დირექტორმა და მინორიტარმა, ნათია ჯანაშიამ წამოიწყო 2024 წელს, როდესაც მის დირექტორობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენა ინვესტორმა და 70%-იანი წილის მფლობელმა – „საქართველოს განათლების ჯგუფმა“.

აფბას მონიტორინგის სამსახურის შეფასებით, 2019 წლამდე, ანუ იმ პერიოდისთვის, სანამ ინვესტორი შეიძენდა აკადემიის 70%-იან წილს, „ბრიტანულ-ქართული აკადემია“ მძიმე ვალდებულებების ქვეშ, რთულ ფინანსურ სიტუაციაში იმყოფებოდა და მისი გაკოტრების რისკიც კი არსებობდა.

„ფაქტია, რომ 2019 წლამდე, ანუ ინვესტორის გამოჩენამდე, აკადემია რთულ ფინანსურ, ფაქტობრივად კრიზისულ მდგომარეობაში იყო. ხოლო, ინვესტორის მიერ 70%-იანი წილის შეძენის შემდგომ, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ განვითარებაში მნიშვნელოვანი ფინანსური და მმართველობითი რესურსები ჩაიდო. შედეგად კომპანიის შემოსავლები რამდენჯერმე გაიზარდა და სტაბილურად მოგებაზე მუშაობს, ეს ფაქტობრივად წარმოადგენს საწარმოს სრულ ტრანსფორმაციას წარმატებულ და მოგებიან ბიზნესად“, - აცხადებენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.

როგორც აფბას მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, გარდა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, ინვესტორის დადებით როლს ადასტურებს საერთაშორისო აღიარებაც, 2026 წლის ივნისში აკადემია საერთაშორისო სკოლების საბჭოს (Council of International Schools - CIS) წევრი გახდა. CIS მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელია, რომელიც ყურადღებას აქცევს მმართველობის ხარისხს, ეთიკურ სტანდარტებს, მოსწავლეთა უსაფრთხოებას, მუდმივი განვითარების კულტურას, საგანმანათლებლო გარემოსა და განვითარების სტრატეგიას.

„გარდა ამისა, ცალკე უნდა აღვნიშნოთ ჯანაშიას კონფლიქტები თუ სასამართლო პროცესები სკოლის აკადემიურ ხელმძღვანელობასთან, პედაგოგებთან და  მოსწავლეების მშობლებთან, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად აზიანებდა სკოლის იმიჯს და ხელს უშლიდა მის განვითარებას“, - დასძენენ აფბას ანალიტიკურ სამსახურში.