უკვე ვწერდით, რომ “ბანკები და ფინანსებმა” ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს, რომელიც “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავაში მინორიტარი აქციონერის (30%), ნათია ჯანაშიას ინტერესებს იცავს, გასული 2 თვის განმავლობაში, 2 ჯერ (16 ივნისსა და 28 ივლისს) მიმართა საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული კითხვებით.
აღნიშნული კითხვები 4 აგვისტოს ღიად გამოვაქვეყნეთ კიდეც და ამით მკითხველმა საკუთარი თვალით დაინახა მათი უწყინარი ხასიათი.
იმედი გვქონდა, რომ ადვოკატი ამ ფორმატს მაინც გამოეხმაურებოდა და ჩვენს კითხვებზე პასუხებს მივიღებდით, თუმცა გაგვიცრუვდა ეს იმედი…
დასანანია…
არც ნათია ჯანაშიას მეორე, საზოგადოებისთვის ჯერჯერობით შედარებით ნაკლებად ცნობილი ადვოკატი, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოს დაკეტილი კარიბჭის წინ ლაივის ჩაწერით დაამახსოვრა ყველას თავი, თამთა ჯანიაშვილი გვპასუხობს კითხვებზე. რა თქმა უნდა, ეს კითხვებიც უწყინარია და, რა თქმა უნდა, როგორც ბატონი ტარიელის შემთხვევაში, ისინიც მის მიერვე გავრცელებული ვიდეომიმართვებიდან გამომდინარეობს.
კითხვებს ვსვამთ, კონკრეტულ, შინაარსიან, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს რომ უშუალოდ ეხება, ისეთ კითხვებს. პასუხები არ გვაქვს.
მართლაც დასანანია…
როგორ არ გაგახსენდეს დიდი მარკ ტვენის უკვდავი ნაწარმოების პირველი სტრიქონები:
- ტომ!
პასუხი არ არის.
- ტომ!
პასუხი არ არის
- სად დაიკარგა ეს ბიჭი…
იმედია, გამოჩნდება.
მანამდე კი, კიდევ ერთხელ, ისევ საჯაროდ, ის კითხვები, რითაც ბატონ ტარიელ კაკაბაძეს 16 ივნისს, შემდგომ უკვე 28 ივლისს მივმართეთ და ახლა უკვე 7 აგვისტოს მივმართავთ:
ბატონო ტარიელ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით გაზეთიდან და ონლაინ გამოცემიდან "ბანკები და ფინანსები" (www.bfm.ge).
ერთ თვეზე მეტი ხნის წინ, კერძოდ 2026 წლის 16 ივნისს, თქვენს ფეისბუქ გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, მოგმართეთ კონკრეტული კითხვებით, რაც დამებადა თქვენი ერთ-ერთი ვიდეო-მიმართვის გაცნობის შემდეგ, რომელიც თქვენი მარწმუნებლის, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მინორიტარი აქციონერის, ქალბატონი ნათია ჯანაშიას პოზიციას ასახავდა.
მას შემდეგ თვე და 10 დღეა გასული და დამეთანხმებით, რომ ეს ის პერიოდია, რომ თუკი მედია პასუხებს ვერ იღებს, უნდა ჩათვალოს, რომ რესპონდენტი კითხვებზე გამოხმაურებას თავს არიდებს.
ასეც მივიჩნევთ.
მაგრამ ასევე და აქვე, როგორც პასუხისმგებლიანი მედია, თავს ვალდებულად ვთვლით, კიდევ ერთხელ და მორიგჯერ, მოგმართოთ იგივე კითხვებით და მას დავუმატოთ კიდევ ერთი, რომელიც გაგვიჩნდა თქვენი მორიგი, ახლახანს გავრცელებული ვიდეო-მიმართვის კვალდაკვალ, სადაც ამბობთ, რომ თუ საგამოძიებო ორგანოები სათანადო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და პასუხისგებაში არ მისცემენ ამ საქმეში, თქვენი აზრით, სისხლის სამართლის დამნაშავეებს, მაშინ თქვენ ამოწურავთ საქართველოს მართლმსაჯულების ეტაპებს და შემდგომ საქმეს აუცილებლად წაიღებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
ამ კითხვით დავიწყებთ -
ბატონო ტარიელ, ვიდეო-მიმართვაში თქვენ ახსენებთ საგამოძიებიო უწყებაში მიმდინარე საქმეს, მაგრამ არ აკონკრეტებთ, რომელ საგამოძიებო უწყებაზე და კონკრეტულად რა შინაარსის საქმეზეა საუბარი.
გთხოვთ, დააზუსტოთ, რომელ საგამოძიებო უწყებაზე საუბრობთ, ვისი საჩივრის შედეგად არის საქმე აღძრული და რას მოითხოვს კონკრეტულად მომჩივანი. დღემდე კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ერთი საქმე, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს, აღძრულია „საქართველოს განათლების ჯგუფის“ საჩივრის საფუძველზე, რაც ნათია ჯანაშიას მენეჯმენტის პერიოდში „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ აქტივებიდან 4 მლნ აშშ დოლარის სავარაუდო გაფლანგვა-მიტაცებას ეხება.
საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარე სისხლის სამართლის სხვა საქმის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ არის. თუ ასეთი არსებობს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ დაწვრილებითი ინფორმაცია მის შესახებ.
თუ თქვენც ამ საქმეს გულისხმობთ (#092060925001), მაშინ გვიჩნდება შემდეგი კითხვა - ეს საქმე თქვენი ოპონენტების საჩივრის საფუძველზე არის აღძრული (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდ ოდენობით, შპს „ბრიტანულ–ქართული აკადემიის“ კუთვნილი თანხის შესაძლო მითვისება–გაფლანგვის ფაქტზე. გამოძიების პერიოდი მოიცავს ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდს (2019-2024 წლებს) და თუნდაც საქართველოს სამართლებრივ სივრცეში ყველა შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ, როგორ, რის საფუძველზე წაიღებთ მას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და რის საფუძველზე გექნებათ იმის რწმენა, რომ სტრასბურგი საქმეს განსახილველად მიიღებს?
თუ სხვა საქმეზეა საუბარი, კიდევ ერთხელ, უმორჩილესად გთხოვთ, მოგვაწოდოთ დაწვრილებითი ინფორმაცია საქმის შესახებ, პირველ რიგში ნომერი და საგანი.
ახლა კი ის კითხვები, რომლითაც 2026 წლის 16 ივნისს ერთხელ უკვე მოგმართეთ.
გეტყვით გულწრფელად, რომ სასიამოვნოდ გაოცებული და კმაყოფილი დავრჩები, თუ მათზე თქვენს გამოხმაურებას მივიღებ, თუმცა, გამომდინარე უკვე არსებული პრაქტიკიდან, საამისო მოლოდინის საფუძველი არ გამაჩნია.
1 - თქვენ ამბობთ - ნათია ჯანაშია იყო 100%-იანი წილის მფლობელი, მანამ სანამ 70%-იან წილს საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასად დაესაკუთრა "საქართველოს კაპიტალი".
გთხოვთ, დააზუსტოთ, რას გულისხმობთ დეფინიციაში - ბევრად ნაკლებ ფასად. ასევე, რას გულისხმობთ "დასაკუთრებაში". რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს კაპიტალმა წილი რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდგომ, 29,3 მილიონ ლარად შეიძინა და ნათია ჯანაშია წილის გასხვისების პირობებს რამდენიმე თვე ათანხმებდა. ამასთან, 2024 წლის გარკვეული პერიოდის ჩათვლით, არც პირად საუბრებში და არც საჯაროდ, წილის არასამართლიან ღირებულებაზე სიტყვაც არ დაუძრავს არსად.
რამდენადაც ცნობილია, არსებობს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომ "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" 70 %-ის მოცულობის წილში 2019 წელს გადახდილი 29 მილიონ 300 ათასი ლარი, ნახევარი მილიონი ლარით აღემატება კიდეც იმ დროს არსებულ საბაზრო ფასს.
როდესაც ამბობთ, რომ 2019 წელს აკადემიის 70%-იან წილს საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასად დაესაკუთრა "საქართველოს კაპიტალი", - რა კონკრეტულ არგუმენტებს ეყრდნობით.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ დოკუმენტური დასაბუთება წილის იმ ღირებულებაზე, რომელსაც თვლით სამართლიანად და წარმოადგინოთ კონკრეტული ხელმოწერილი ხელშეკრულებები, შეთანხმებები და მემორანდუმები, ყველა სახის ხელმოწერილი მტკიცებულებულებები, რომელიც ადასტურებს თქვენ მიერ მოყვანილ არგუმენტებს.
- ვიდეომიმართვაში თქვენ ამბობთ, რომ ნათია ჯანაშია დაარწმუნეს, რომ გაეყიდა 70% წილი, რომ იყო ცრუ დაპირებები, მოტყუება.
გთხოვთ, მეტად განმარტოთ, ვინ დაარწმუნა, რა ხერხებით აიძულეს 30 მილიონ ლარამდე ღირებულების გარიგებაზე დათანხმება. იძულებით მიიღო და იძულებით ჩაურიცხეს ეს თანხა 2019 წელს, თუ რას გულისხმობთ?
რაიმე დოკუმენტი თუ გაქვთ თქვენი სიტყვების დასადასტურებლად, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ? ასევე, როგორ აიძულეს 29,3 მილიონზე დათანხმება და როგორ შეთანხმდა ეს კონკრეტული თანხა
რატომ 29,3 მილიონი, არა 11 მილიონი ან 4.6 მილიონი ლარი, ან/და არა ნებისმიერი სხვა ოდენობის თანხა?
- თქვენ ამბობთ, რომ გარიგების პარალელურად არსებობდა რამდენიმე დამატებითი პირობა, რომელთა გამოც ნათია ჯანაშია დათანხმდა წილის გაყიდვას.
გთხოვთ, კონკრეტულად განგვიმარტოთ და გვითხრათ ყველა ის პირობა, რაც გარიგების პარალელურად დამატებით არსებობდა. ასევე, გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა ფორმატით
არსებობდა ეს პირობები - იყო ეს ხელშეკრულების დანართი, დამატებითი შეთანხმების ფორმატი, თუ სხვა რამ.
გთხოვთ მოგვაწოდოთ ყველა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს თქვენ სიტყვებს. ასევე, გთხოვთ დაგვიდასტუროთ, წერილობით არსებობდა თუ არა რაიმე სახის დაპირება და ის ასახული იყო თუ არა რომელიმე ორმხრივად გაფორმებულ დოკუმენტში - მემორანდუმში ან/და წილის დათმობის ხელშეკრულებში?
- ვიდეომიმართვაში, თქვენს მიერ ნახსენები რამდენიმე პირობიდან მხოლოდ ერთ-ერთზე საუბრობთ. კერძოდ იმაზე, რომ შეთანხმების საფუძველზე "აკადემიის" კაპიტალში ინვესტორს ტაბახმელის/ოქროყანის მიწა უნდა შეეტანა ნულოვანი ღირებულებით.
გთხოვთ, განგვიმარტოთ, კონკრეტულად რა შეთანხმებაზეა საუბარი, რა ფორმატით დაიდო/გაფორმდა იგი, მხარეთა მხრიდან შესასრულებელ კიდევ რაიმე დამატებით კონკრეტულ ასპექტებს ხომ არ შეიცავდა იგი.
არსებობს ინფორმაცია, რომელსაც გავრცელებულ ვრცელ წერილში, აკადემიის ყოფილი დირექტორი და "საქართველოს განათლების ჯგუფის" ასევე ყოფილი დირექტორი გიორგი კეთილაძე ადასტურებს. კერძოდ ის, რომ აღნიშნული მიწა კაპიტალში უნდა შესულიყო
თანაბარწილოვანი პრინციპით. ანუ, "საქართველოს განათლების ჯგუფს" მიწა უნდა შეეტანა კაპიტალში იმის პარალელურად, რაც ნათია ჯანაშია კაპიტალში შეიტანდა მიწის ღირებულების 30 %-ს.
ამ პირობას კეთილაძე ადასტურებს ელექტრონული მიმოწერის არსებობით, როგორც ბატონ დავით ცეცხლაძესთან (ნათია ჯანაშიას მეუღლე), ისე ქალბატონ ნათია ჯანაშიასთან. არსებული ინფორმაციით, მეუღლეები "განათლების ჯგუფს" მიმართავენ თხოვნით, მიწის 30%-ის ღირებულება კაპიტალში შეიტანონ არა ერთბაშად, არამედ 4 ნაწილად.
ადასტურებთ თუ არა ამ შინაარსის მიმოწერის არსებობას, როგორც ფაქტს და მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენი ოპონენტები სასამართლო განხილვებისას ამ ფაქტს გამოიყენებენ, როგორც წონად არგუმენტს იმის დასამტკიცებლად, რომ მხარეთა შორის შეთანხმება არსებობდა მიწის კაპიტალში ასახვის თაობაზე არა ნულოვანი ღირებულებით, არამედ თანაბარწილოვანი შენატანის პრინციპით.
აქვე გთხოვთ მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია სხვა რა პირობები შეთანხმდა მხარეთა შორის ამ მიწასთან დაკავშირებით. კერძოდ, როდის, რა ვადებში და რა გზით უნდა გადაცემოდა იგი აკადემიას?
აქვე - იგივე საკითხთან, მიწასთან დაკავშირებით, - თქვენ ამბობთ, რომ კაპიტალში მისი ნულოვანი ღირებულებით შეტანის თაობაზე შეთანხმებას ადასტურებს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და კიდევ სხვა მტკიცებულებები. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ არაპირდაპირ ადასტურებთ
იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულებაში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს და ეყრდნობით მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს.
ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გაგვიზიაროთ:
- კონკრეტულად რას გულისხმობთ "მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში და კიდევ სხვა მტკიცებულებებში". კერძოდ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქ-ნ ჯანაშიას არ გააჩნია დაზარალებულის სტატუსი საქმეში და ამიტომ, დაუდგენელია საიდან ფლობს ინფორმაციას მოწმეთა ჩვენებებზე. საჯარო წყაროებში ამგვარ მოწმეთა არსებობა არ იკვეთება.
- თუ შესაძლებლად ჩათვლით, ამ ეტაპზევე გვითხრათ, ვინ არიან აღნიშნული მოწმეები და რამდენად არსებითად არიან ისინი დაკავშირებული აღნიშნულ დავასთან.
- მოწმეების გამოკითხვის ოქმების გარდა, გაქვთ თუ არა რეალური და კონკრეტული დოკუმენტი, რაც სრულფასოვნად ადასტურებს თქვენ სიტყვებს კაპიტალში ტაბახმელის/ოქროყანის მიწის ნულოვანი ფასით შეტანის თაობაზე?
- საინვესტიციო შეთანხმება "საქართველოს კაპიტალთან" არის დადებული თუ "საქართველოს განათლების ჯგუფთან"?
5.მიწა ვის ეკუთვნოდა და რატომ იყო სკოლისთვის მისი გადაცემა არსებითი ქ-ნ ჯანაშიასთვის? მან ითხოვა ეს მიწა სკოლას გადაცემოდა? მან მოიძია ეს მიწა და დაავალა "საქართველოს კაპიტალს" მისი სკოლისთვის გადაცემა?
- ვიდეომიმართვის დასასრულს თქვენ ამბობთ, რომ ინვესტორის მხარე ცდილობს ნათია ჯანაშიას წაართვას დარჩენილი 30 %-იანი წილიც. გთხოვთ, დაგვიზუსტოთ, კონკრეტულად რა მცდელობები განახორციელა მხარემ საამისოდ.
ზოგადად, მხარეთა შორის წილის გამოსყიდვასთან დაკავშირებით, ჩვენთვის ცნობილია, რომ "საქართველოს განათლების ჯგუფმა" ჯანაშიას მხარის შეთავაზებას, გამოესყიდა 70%-იანი წილი მის მიერ შეთავაზებულ კონკრეტულ ფასად, უპასუხა უკუშეთავაზებით, რომ თავად
გამოისყიდიდა 30 %-იან წილს, ერთეულთან მიმართებით, ჯანაშიას მხარის შეთავაზებულზე 33%-ით მეტი ღირებულებით.
თუ წილის გამოსყიდვის თაობაზე მხარეთა შორის არსებულ ამ კომუნიკაციას გულისხმობთ, გთხოვთ, განგვიმარტოთ, სად ხედავთ აქ წილის წართმევის მცდელობას, ან მის ნიშნებს. ასევე, ეს თუ წილის წართმევად უნდა განიხილებოდეს, რატომ არის "განათლების ჯგუფის" საპასუხო შეთავაზება წილის წართმევის მცდელობა და არა ჯანაშია-ცეცხლაძის შეთავაზება? თუ სხვა მცდელობები გაქვთ მხედველობაში, გთხოვთ, კონკრეტულად გვიამბოთ მათ შესახებ.
ბატონო ტარიელ, მოდით ასე გავაკეთოთ: თუ გნებავთ, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კითხვაზე არ გვიპასუხოთ და გვიპასუხეთ მხოლოდ ერთ მთავარ კითხვაზე.
თქვენ ხომ ამბობთ, რომ ამ წილის წართმევის საკითხზე საქმეს წაიღებთ სტრასბურგში. ისიც გეცოდინებათ, რომ სტრასბურგში რომ საქმე წაიღო, ჯერ აქ უნდა გქონდეს ამოწურული ინსტანციები (ასე ამბობთ თქვენც) ან სადმე რაიმე დაწყებული მაინც.
ჰოდა, ამაზე გაგვეცით პასუხი და გვამცნეთ ამაყად: დაწყებულია თუ არა გამოძიება წილის წართმევის მცდელობასთან დაკავშირებით რომელიმე საგამოძიებო ორგანოში ან/და შეტანილი გაქვთ თუ არა სასამართლოში სარჩელი?
სულ ესაა..
რთულია, ამ ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა?
ბატონო ტარიელ, ისევ მოუთმენლად ველით თქვენ პასუხებს.













