საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს ეროვნული ხის შერჩევის კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი ხელმძღვანელობდა.
გიორგი წკრიალაშვილის განცხადებით, საქართველოს ტყე ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია, ეროვნული ხის განსაზღვრა კი, მის პოპულარიზაციას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ეროვნული იდენტობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„მოგეხსენებათ, აღნიშნული ინიციატივის მიზანია ისეთი ხის სახეობის განსაზღვრა, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს საქართველოს ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას. ეროვნული ხის განსაზღვრით ქვეყანა შეუერთდება მსოფლიოს 100-ზე მეტ სახელმწიფოს, რომლებსაც უკვე აქვთ საკუთარი ეროვნული ხე, როგორც ბუნებისა და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი სიმბოლო“,- განაცხადა გიორგი წკრიალაშვილმა.
სხდომის ფარგლებში კომისიის წევრებმა საქართველოს ეროვნული ხის შერჩევის კონცეფცია, მისი მნიშვნელობა და ხის სახეობების შერჩევის კრიტერიუმები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ მრავალდარგობრივი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ბოტანიკოსები, მეტყევეები, კულტურისა და ისტორიის მკვლევრები, სახელმწიფო უწყებების, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს საპატრიარქოსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ეკოლოგიური, სიმბოლური და ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით შეარჩევს არაუმეტეს ხის ხუთ სახეობას. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სპეციალური პლატფორმისა და საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას და ჩართულობას, რის შემდეგაც კომისია, საზოგადოების მოსაზრებების გათვალისწინებით და ხმათა უმრავლესობით, საქართველოს ეროვნულ ხეს დაასახელებს.













