გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის, ასევე, ღორის ცოფით სიკვდილის შემთხვევებში კომპენსაციის გაცემის და მისი ოდენობის განსაზღვრის წესი.

მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან  მსხვილფეხა, წვრილფეხა საქონლის, ასევე ღორის ცოფით სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ლაშა ავალიანის განცხადებით, აღნიშნული წესი ეფუძნება მსოფლიო პრაქტიკას და  ხელს შეუწყობს როგორც  ცოფის გავრცელების პრევენციას, ასევე  ფერმერების მოტივირებას, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

„ეს წესი არის ცოფთან ბრძოლის მსოფლიო პრაქტიკის ნაწილი და მისი მიზანია, როგორც ფერმის ცხოველის მეპატრონის ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება, ასევე, მისი მოტივირება, რომ დროულად მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ამ შემთხევაში კომპენსაცია გაიცემა როგორც მსხვილფეხა, ასევე წვრილფეხა საქონელზე და ღორზე. კომპენსაციას აქვს თავისი წინაპირობები, რომელიც დადგენილებითაა განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ  რამდენიმე წლის აქტიური ღონისძიებების შედეგად, ცხოველებში ცოფით დაავადებების რაოდენობა შემცირებულია 92 %-ით. მაგალითისთვის, 2013 წელს,  ცოფის 116 შემთხვევა იყო ცხოველებში, ხოლო 2025 წელს მხოლოდ 9. დღეისათვის, მოქმედებს ცხოველებში ჯილეხის კომპენსაციის წესი, რომელიც ძალაში 2024 წელს შევიდა და 2025 წელს, ჯამურად, 10 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია ორმა ფერმერმა მიიღო“, -აღნიშნა ლაშა ავალიანმა.