„მაღაზიაში 50%-იანი „ქეშბექია" პირობითად, ღვინოზე ან შოკოლადზე - მწარმოებელი ვერ მიაწვდის თუ 150% არ ექნება ფასნამატი“, - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ „პალიტრანიუსისა" და რადიო „პალიტრას" გადაცემაში „საქმე" სურსათის ფასების დაანონსებულ გაიაფებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მარკეტების მხრიდან ყველა პროდუქტზე გადასახადების დაწესების ინდივიდუალური მიდგომა არსებობს. კერძოდ, როგორც ლაშა რიჟამაძემ აღნიშნა, მაღაზიაში შესატანად შედარებით დაბალია გადასახადი პირველადი მოხმარების პროდუქციაზე, თუმცა, მაგალითად, შოკოლადზე ან ღვინოზე ეს გადასახადი გაცილებით მაღალი შეიძლება იყოს.

„ვფიქრობ, ზოგადი პროცენტის გამოყვანა არასწორია, ფიზიკურად შეუძლებელია თუ ინდივიდუალურად არ ჩაიშლება პროდუქცია, რადგან ყველა პროდუქციაზე განსხვავებულ პრაქტიკა არსებობს. შედარებით დაბალია პირველადი მოხმარების პროდუქციაზე, მაგრამ შეიძლება ვთქვათ შოკოლადზე მნიშვნელოვნად დიდი იყოს. შეიძლება ღვინოზე ან შოკოლადზე ვნახოთ 50%-იანი მარტო ერთ ტიპის გადასახადი და, ეს 50%-ანი „ქეშბექი" თავის თავში გულისხმობს, რომ მწარმოებელი ვერ მიაწვდის თუ 150% არ ექნება ფასნამატი. ეს [50%-ანი "ქეშბექი"] არის მთელ რიგ პროდუქციაზე, მათ შორის შოკოლადზე. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რომ მსგავსი მიდგომა არსებობდეს, საბოლოო ჯამში, ეს მომხმარებელზე ისახება ცუდად.

ჩვენ და მათ შორის კონკურენციის სააგენტოც, გასულ წლებშიც ვსაუბრობდით, როდესაც კვერცხთან მიმართებით იყო საუბარი, 20-30%-იან (და უფრო მეტ) „ქეშბექზე". ეს “ქეშბექი" რომ განვმარტოთ, თუ პროდუქტის თვითღირებულება გახლავთ პირობითად, 10 ლარი და მწარმოებელს აქვს სურვილი მიაწოდოს 12 ლარად, ამ 2 ლარში შედის სახელმწიფო გადასახადები, ლოჯისტიკის ხარჯი, ხელფასი, ტრანსპორტის, ცვეთის (მოგების გადასახადს არც ვგულისხმობ, ამას ფიზიკურად არ ეყოფა), და სუპერმარკეტმა „ქეშბექი" მოითხოვა 40-50%, გამოდის, რომ ამ 12 ლარიდან 6 ლარს წინასწარ იხდის მწარმოებელი. იმ თვითღირებულებასაც ვერ იკომპენსირებს, რაც პროდუქტი დაუჯდა. ამ თანხას უკან არ იღებს, წინასწარ იხდის და ფიზიკურად შეუძლებელია, თუ ფასნამატი არ ექნება მაღალი, თვითღირებულება დაიკომპენსიროს. შესაბამისად, ვალდებულია თვითღირებულებას დაამატოს 150% და ამ ფორმით მიიღოს ის 2 ლარი, რაც შეიძლება დარჩენოდა.

კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ რითეილი არის ყველა მწარმოებლის პარტნიორი. რა თქმა უნდა, რითეილსაც მთელი რიგი პრობლემები აქვს, რაც ფინანსურ ხარჯებს უზრდის ოპერირებისთვის. რაც შეეხება არგუმენტაციას, მსგავსს სიღრმეებში მომწოდებელთან რითეილი არ შედის და საკითხი დგება ასე - აღნიშნულ პროდუქციაზე, რომელზეც პირობითად წინა წელს მქონდა 20%, ახლა უნდა მომცე 25-30%, თორემ დატოვებ ქსელს. შესაბამისად, ვალდებული ხდება მიმწოდებელი, რომ გაზარდოს პროცენტი და მიწოდების ფასი. სამართლიანი ვაჭრობის პირობებში, ეს ფასი მინიმუმ ბევრად უფრო სტაბილური იქნება, ვიდრე გასულ წელს,“ - ამბობს ლაშა რიჟამაძე.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.

24 დეკემბერსვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა.

20 იანვარს გაიმართა სამთავრობო კომისიის 1-ლი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება რომ კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ფასების საკითხზე შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

BPN.GE