გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კარლოს რიკარდო მარტინს სელიას შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
დავით სონღულაშვილმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობაზე, რაც თანამშრომლობის განვითარების ნაყოფიერ საფუძველს წარმოადგენს და ელჩს ქართული საექსპორტო პროდუქტების, მათ შორის, ღვინო, მინერალური წყლები, წყალი და სხვა, შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბრაზილიური კომპანიებისთვის საქართველოს რეგიონულ სავაჭრო ჰაბად განხილვის საკითხზე.
როგორც საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა განაცხადა, საქართველო ბრაზილიისთვის საინტერესო პარტნიორი ქვეყანაა და არსებობს შესაძლებლობა ორმხრივად საინტერესო და ეკონომიკურად ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდა.













