"ეროვნულ ბანკს შეუძლია თუ არა ფასებზე ზემოქმედება? ის არეგულირებს ფინანსურ ნაკადებს ქვეყანაში და მას ინფლაციაზე ზეგავლენის მოხდენა ნამდვილად შეუძლია, ამას აკეთებს და საკმაოდ წარმატებითაც", -  ამის შესახებ ექსპერტმა ნოდარ კაპანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს ხელისუფლების ოპონენტთა კრიტიკას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ისმის და რამდენად მართებული იქნება, თუნდაც დღგ-ის მოხსნა თუ მოგების გადასახადის შემცირება ფასების გასაიაფებლად, ნოდარ კაპანაძემ აღნიშნა, რომ დღგ-ის და მოგების გადასახადის შემცირება-გაუქმებასთან დაკავშირებით არცერთი დაწერილი ანალიზი არ უნახავს.

„ეს ყველაფერი, რაც მე მომისმენია, არის დეკლამაციური ჟანრის მსახიობებისგან ნათქვამი სადღეგრძელოს რანგში. დაწერილი, თუ რას ნიშნავს ეს, რატომ არის ეს პრობლემა და ამ გადასახადის გაუქმებით და შემცირებით რა შედეგი დადგება, მე გაანალიზებული ჯერ არ მინახავს. კაცმა რომ თქვას, მე მგონი, დაწერილიც არ არის. ეს კომენტარები არის არასერიოზული, როდესაც ასეთ წინადადებას დააყენებ, ყველაფერი ეს დათვლადია და უნდა დაითვალოს. დავუშვათ, გავაუქმეთ დღგ, რომელიც არის თითქმის 35% მთლიანი ბიუჯეტის და საიდან მოგვაქვს ეს ბიუჯეტი მერე? მეორე, ეროვნულ ბანკს შეუძლია თუ არა ფასებზე ზემოქმედება? ეროვნული ბანკი არეგულირებს ფინანსურ ნაკადებს ქვეყანაში და მას ინფლაციაზე ზეგავლენის მოხდენა ნამდვილად შეუძლია, ამას აკეთებს და საკმაოდ წარმატებითაც.

ინფლაციის ტემპით საქართველო მაინცდამაინც ლიდერებში არ არის ჩვენს სამეზობლოში. ამდენად, ეროვნული ბანკი თავისი მანდატის, ასე ვთქვათ, თავისი იურიდიქციის ფარგლებში თავის საქმეს წარმატებით აკეთებს, მაგრამ უშუალოდ ფასების ზრდა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, სხვა რამეა და ამას ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს; ეს უნდა გააკეთოს კონკურენციის სააგენტომ და ეს არ უნდა იყოს კამპანიური რეჟიმი, ეს უნდა იყოს რუტინა 24-საათიან რეჟიმში“, – განაცხადა კაპანაძემ.