საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 66.93 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.23 მილიარდი ლარით, 1.87%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.82%-ით მეტი).ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს

დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 15.78% შეადგინა. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები შემცირდა 447.02 მილიონი ლარით, ანუ 1.42%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.41%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.68 მილიარდი ლარით, ანუ 4.90%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 4.79%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 52.27 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.18 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.21 პროცენტული პუნქტით).

დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.49% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.34% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.60%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.27% , ხოლო ევროს წილმა 20.07% შეადგინა.