"ზოგიერთი ადგილობრივი მწარმოებელი პროდუქციის ექსპორტს ამჯობინებს, რადგან საკმაოდ დიდ ბარიერებს აწყდებიან ქსელურ მარკეტებში შესვლის კუთხით", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი, ბუნებრივად დაკავშირებულია გარკვეულ ბარიერებთან, მაინც ზოგიერთი ადგილობრივი მწარმოებელი პროდუქციის ექსპორტს ამჯობინებს, რადგან საკმაოდ დიდ ბარიერებს აწყდებიან ქსელურ მარკეტებში შესვლის კუთხით - მათ შორის მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელშეკრულებო პირობები და კონკრეტული პროდუქციის რეალიზების შემდგომ მათთვის საფასურის გადახდის ვადები. ვხედავთ, რომ ზოგჯერ საფასურის გადახდის მნიშვნელოვანი დაგვიანება ხდება, რისი გათვალისწინებაც ადგილობრივ მწარმოებლებს თავიანთ ფასწარმოქმნაში უწევთ და ეს ყველაფერი მოქმედებს ზოგადად ფასებზე“, - განაცხადა მან.
ამასთან, ცინცაძის ინფორმაციით, არსებულ სურათზე გავლენას ახდენს ზოგ შემთხვევაში ქსელური მარკეტების მხრიდან ადგილობრივი მწარმოებლების მიმართ გარკვეული სტანდარტების თუ ადეკვატური წარმოების მოცულობების მოთხოვნა, რაც მისი შეფასებით, ლოგიკური პირობაა მარკეტების მხრიდან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება ამ კუთხით მათი და ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესთა თანხვედრა.
როგორც ცინცაძე აღნიშნავს, საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და საჭიროებს მრავალმხრივ მიდგომას. მისი ინფორმაციით, ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, ისევე როგორც სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია.
„ფასნამატის შემცირება არ უნდა მოხდეს ერთჯერადად, ამას სჭირდება საკმაოდ კომპლექსური ანალიზი და მუშაობა - რათა ერთი მხრივ, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უზრუნველვყოთ ბიზნესის თავისუფლება, მეორე მხრივ კი უზრუნველვყოთ იმ სოციალური ფაქტორის გათვალისწინება, რომელიც მოსახლეობას დამატებით ხარჯად აწვება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.













