საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის (WCO) 180-ზე მეტ წევრ ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
2026 წელს, საბაჟოს საერთაშორისო დღის სლოგანია - ,,საბაჟო - საზოგადოების დაცვის სადარაჯოზე“.
მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ასევე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილმა.
საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივნის, იან სონდერსის ვიდეო მილოცვა მოისმინეს.
სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების სერტიფიკატები გადაეცა საბაჟო დეპარტამენტის 20 მებაჟე ოფიცერს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე, WCO-ს მიერ დაწესებული ღირსების სერტიფიკატი გადაეცა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს.
შემოსავლების სამსახური თითოეულ მებაჟე ოფიცერს და მსოფლიო საბაჟო საზოგადოებას ულოცავს პროფესიულ დღეს.













