პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე რატიშვილის განცხადებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქართველ მწარმოებლებთან შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა პრობლემაზე, რაც მწარმოებლებს აწუხებს.

მისივე თქმით, ფასების კლება შესაძლებელია.

„საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რაც გვაწუხებს მწარმოებლებს და რაც ხელეწიფება მთავრობას, პარლამენტს, რომ მოგვარდეს. ფასების კლება შესაძლებელია, ნამდვილად გიდასტურებთ. წარმოებები ძალიან დაბალ მარჟებზე მუშაობენ, მაგრამ წარმოებიდან თარომდე გასავლელი გზა არის სწორედ ის გზა, სადაც საოცარი ფასნამატების წარმოქმნა ხდება. მწარმოებლები საცალო ქსელებზე როდესაც ვართ დამოკიდებული, ძალიან მძიმე პირობებია – ქეშბექი, შესვლის გადასახადი, გადახდის ვადები. პროდუქტი 2-3 დღეში იყიდება, ჩვენს შემთხვევაში თანხას გვიხდიან 45 დღის გაანგარიშებით, რაც ნიშნავს ნაღდი ფულის ნაკლებობას. ჩვენ გვიწევს ბანკებისთვის მიმართვა, მაშინ როცა ესენი ვითარდებიან“, – განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

კითხვაზე, აქამდე რატომ ვერ ხდებოდა საკითხის დარეგულირება, ალექსანდრე რატიშვილმა განაცხადა, რომ ამის ბევრი მიზეზი არსებობს.

„სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების სახით წლებია, არაერთი შეხვედრა გვქონია, ეს საკითხი დაგვიყენებია, მაგრამ მიზეზეთა გამო, რაზეც ვერ ვისაუბრებ, აქამდე ეს არ ხდებოდა. ეს არის უზარმაზარი დარგი და ერთადერთი დარგია, რომელშიც არანაირი თამაშის წესები  არ არის ქვეყანაში. კარგად გამიგეთ, მე ვარ თავისუფალი ბიზნესმენი, თავისუფალი ადამიანი და ყველა ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი.  ჩემთვის მიუღებელია ყოველგვარი უხეში ჩარევა, გინდ უხეში რეგულაციის სახით. მათაც ვუსურვებ სიკეთეს, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან. ქსელები რომ არა, ჩვენს პროდუქციას ვერ გავყიდდით, მაგრამ მარტო მე ვიხეირო, მარტო მე ვისარგებლო და შენ გაკოტრდე? მე ჩემს შემთხვევაზე გესაუბრებით.

რაც შეეხება ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების გამოთხოვას, საკითხზე კომენტირებისას ალექსანდრე რატიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ნორმალური პროცესია.

„არაფერი ჩარევა ჯერჯერობით არ არის. არ შესულა ვიღაცის დასასჯელად და ვიღაცის საქმის გასაჩერებლად ან მოსასპობად, არამედ საბუთების ამოსაღებად, რაც ნორმალური პროცესია. შეიძლება, არ მოგვწონს სუს-ის ბიზნესში შემოყვანა, მაგრამ ის, რაც ხდება, ბევრად უფრო უარესი პროცესია“, – აღნიშნა ალექსანდრე რატიშვილმა.