საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალი სასწავლო კურსების გამოცხადებას იწყებს.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის მაოდგილის, ნუგზარ ბერიძის განცხადებით,  სასწავლო კურსებზე რეგისტრაციის გამოცხადება იგეგმება როგორც ელექტროენერგეტიკის რეგულირების, ასევე მელიორაციის სექტორის რეგულირების საკითხებზე.

„ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს ექსკლუზიურ სასწავლო პროგრამებს და 2026 წელსაც გეგმავს ამ მიმართულებით აქტიური საქმიანობის გაგრძელებას. ტრენინგებს ატარებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც არიან ჩართულნი ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების მარეგულირებელი წესების შემუშავებაში. სასწავლო კურსები მოიცავს სატარიფო რეგულირების მეთოდოლოგიას, აუდიტის, საკანონმდებლო და ტექნიკურ საკითხებს, რაც მონაწილეებს პრაქტიკულ და გამოყენებად ცოდნას აძლევს”, - განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.

სასწავლო კურსებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში დღემდე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა გადაამზადა ათასობით მონაწილე. ცენტრის ტრენინგკურსებში მონაწილეობდნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლები, ხოლო საჯარო ლექციებსა და საგანმანათლებლო აქტივობებში 4 000-ზე მეტმა მოსწავლემ და სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.