ბოლო პერიოდში სებ-ის მიერ საერთაშორისო რეზერვების შევსება ​ჩვენს პროგნოზებთან შესაბამისობაშია, - აცხადებს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.

„ჩვენს ბოლო პუბლიკაციაში გვეწერა, რომ ოქტომბრის შემდეგ სებ-ი უფრო ყიდულობს ვალუტას, ვიდრე ყიდის. იცით, რომ ნოემბერში მნიშვნელოვანი ინტერვენციები იყო, ხოლო დეკემბერში უფრო ნაკლები, თუმცა მაინც შესყიდვების მიმართულებით. ზოგადად სავალუტო ბაზარზე დინამიკას რაც შეეხება, ჩვენი შეფასებით მართალია შენელება არის, ანუ ეკონომიკური ზრდა შენელდა, იგივე ტურიზმის მიმართულებითაც სახეზეა გარკვეული შენელება, თუმცა ზრდა მაინც დადებითია. ისევე, როგორც მიმდინარე მოვლენები არ მოქმედებს ისეთი ტიპის შემოდინებებზე, როგორიცაა გზავნილები და ექსპორტი.

ინვესტიციები ზოგადად მყისიერად არ რეაგირებს და ინვესტიციებს კომპონენტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიდი არ იყო. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკონომიკური ზრდის შენელებასთან ერთად იმპორტის შენელებასთანაც გაქვს საქმე. ჩვენი მონაცემებით, ანუ თიბისის არხებით განხორციელებული ტრანზაქციები, იგივე სექტორულად თუ შევხედავთ, შენელება განსაკუთრებით ჩანს გრძელვადიანი მოხმარების საგნებზე. სენტიმენტების ზეგავლენის დროს ეს სექტორები უფრო რეაგირებს, როგორიცაა ელექტრო ტექნიკა, ავეჯი და სხვა. რაც ჩვენთან ძირითადად იმპორტირებულია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბოლო დინამიკა რაც არის სავალუტო ბაზარზე უფრო მეტად არის სენტიმენტების შედეგი, ვიდრე იმის შედეგი, რომ მიმდინარე პერიოდში წმინდა სავალუტო შემოდინებები შემცირდა“, - აცხადებს ოთარ ნადარაია.