მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარებამ მორიგი რეკორდი დაამყარა. მხოლოდ 2024 წელს ამ ერთმა მუნიციპალიტეტმა 124,692,913 კვტ.სთ დენი დახარჯა, ეს კი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების მთლიანი მოხმარების 2,6%-ს შეადგენს, საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის კი თითქმის 1%-ს. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს „ენერგო-პროს“ აბონენტებმა 4.714 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარეს, მთლიანად საქართველოში კი 13.852 მლრდ კვტ.სთ.

შეგახსენებთ, რომ მესტიაში ბოლო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით განცხადებებს როგორც სერვისის მიმწოდებელი კომპანია, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და სემეკიც აკეთებდა. სემეკში ამბობდნენ, რომ „უკანონო მაინინგის ქსელზე მიერთების და მათ მიერ გაზრდილი დატვირთვიდან გამომდინარე ქსელის მდგომარეობა კრიტიკულია“.

უკანონო მაინინგზე უკვე წლებია საუბრობს ადგილობრივი ბიზნესიც. საოჯახო სასტუმროებში ამბობენ, რომ აცივებასთან ერთად მესტიაში დენის მიწოდების პრობლემა იქმნება, რადგან მაინერების მუშაობა და მოსახლეობის მხრიდან მოხმარების ზრდა ქსელის დატვირთვას ზრდის.

ქსელი რომ დატვირთულია და მოხმარება რომ იზრდება, ამაზე მიუთითებს „ენერგო-პროს ჯორჯიას“ მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციაც.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მესტის მომსახურების ცენტრის აბონენტებმა, 2024 წლის დეკემბერში მოიხმარეს იმდენივე ელექტროენერგია, რაც კომპანიის სხვა, ჩვიდმეტმა მომსახურების ცენტრმა ერთად, იმავე პერიოდში.

ყაზბეგის, ონის, ამბროლაურის, თიანეთის, ხულოს, დმანისის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ხარაგაულის, ვანის, აბაშის და დედოფლისწყაროს, ცაგერი-ლენტეხის, ქედა-შუახევის, თეთრიწყაროს, წალკის და ბაღდათის მომსახურების ცენტრების სამყოფი ელექტროენერგია, მხოლოდ ერთმა მესტიამ მოიხმარა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს.

მესტიის ელექტროენერგიის მოხმარება წლების მიხედვით კი ასე გამოიყურება: (წყარო - „ენერგო-პრო ჯორჯია“)

  • 2012 წელი - 37,199,070 კვტ.სთ;
  • 2013 წელი - 39,411,787 კვტ.სთ;
  • 2014 წელი - 44,006,849 კვტ.სთ;
  • 2015 წელი - 47,072,131 კვტ.სთ;
  • 2016 წელი - 53,153,799 კვტ.სთ;
  • 2017 წელი - 59,311,54 კვტ.სთ;
  • 2018 წელი - 64,832,376 კვტ.სთ;
  • 2019 წელი - 98,177,40 კვტ.სთ;
  • 2020 წელი - 91,117,245 კვტ.სთ;
  • 2021 წელი - 101,568,155 კვტ.სთ;
  • 2022 წელი - 121,739,191 კვტ.სთ;
  • 2023 წელი - 120,275,154 კვტ.სთ
  • 2024 წელი – 124,692,913 კვტ.სთ

როგორც ცნობილია, მესტიაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგია უფასოა, გადასახადს მხოლოდ რეგისტრირებული სამეწარმეო ობიექტები იხდიან.

BPN.GE