არაღიარებული დნესტრისპირეთის ლიდერმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ თანხმობა განაცხადა რეგიონში „მოლდოვგაზის“ მიერ გაზის მიწოდებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუსადმი მიმართვაში კრასნოსელსკიმ განაცხადა, რომ „ტირასპოლტრანსგაზმა“ ამის შესახებ მოლდოველ მიმწოდებელს ოფიციალური წერილით 18 იანვარს აცნობა.
დნესტრისპირეთის ლიდერმა კიშინეუს მოუწოდა, შეასრულოს დაპირებები და უმოკლეს ვადებში განსაზღვროს შეთანხმების მექანიზმი. კრასნოსელსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ გაზის საფასურის გადახდის გარანტიას იძლევა.
„გთხოვთ, უარი თქვათ საკითხის პოლიტიზებაზე და გახსოვდეთ ხალხი. პირობების შესასრულებლად საჭიროა ამ პირობების ცოდნა“, – ამბობს კრასნოსელსკი.
მაია სანდუმ კრასნოსელსკი მიმართვაზე კომენტარი უკვე გააკეთა. სანდუმ აღნიშნა, რომ მოლდოვის სახელმწიფო დაწესებულებებმა თავდაპირველად უნდა შეისწავლონ, რომელი კომპანიის მეშვეობით სურს დნესტრისპირეთს გაზის შესყიდვა და მოლდოვის საზღვრამდე მიწოდება.
„რამდენადაც მესმის, გადაწყვეტილება, რომელიც მათ დღეს დილით აღწერეს, არ გულისხმობს გაზის შესყიდვას „მოლდოვაგაზის“ მეშვეობით. უფრო მეტად, ეს ეხება იმ გაზის ტრანსპორტირებას, რომელსაც სხვა ყიდულობს და ჩვენს საზღვრამდე მოაქვს. სახელმწიფო დაწესებულებები განიხილავენ, თუ რომელი კომპანიები არიან ჩართულნი. მნიშვნელოვანია, რომ ეს შუამავლები არ იყვნენ იმ კომპანიების სიაში, რომელთა წინააღმდეგაც საერთაშორისო სანქციებია დაწესებული“, – აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.
მოლდოვის რეინტეგრაციის ბიუროში აცხადებენ, რომ უკვე დაიწყეს „ტირასპოლტრანსგაზის“ მოთხოვნის ანალიზი და არ გამორიცხავენ ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას, თუ ტრანზიტის გარიგება შეესაბამება მოლდოვის კანონმდებლობას.
დნესტრისპირეთის მოსახლეობა, რომელიც დაახლოებით 400 ათას ადამიანს შეადგენს, თითქმის სამი კვირის განმავლობაში ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.
2025 წლის 1 იანვრამდე დნესტრისპირეთი რუსეთიდან იღებდა გაზს უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენით. წლის დასაწყისში, მოსკოვსა და კიევს შორის გაზის ტრანზიტის შეთანხმების ვადის გასვლის შემდეგ რუსულმა „გაზპრომმა“ შეწყვიტა გაზის მიწოდება და უარი თქვა დნესტრისპირეთისთვის ალტერნატიული მარშრუტით ბუნებრივი აირის მიწოდებაზე.
არაღიარებული რესპუბლიკის მეთაური კრასნოსელსკი მოსკოვში ვიზიტით გაემგზავრა. ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ გაზის მიწოდება განახლდება ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში. გაზეთი „კომერსანტი“ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ, გეგმის თანახმად, დნესტრისპირეთი გაზს მიიღებს ევროპულ ბაზარზე შესყიდვის გზით შუამავალი კომპანიის, Natural Gaz D.C.-ის დახმარებით, ხოლო ხარჯებს რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტი გაიღებს.
კომპანია „მოლდოვაგაზმა“, თავის მხრივ, განაცხადა, რომ, „მოლდოვაგაზის“ გარდა, სხვას არავის შეუძლია დნესტრისპირეთის რეგიონში გაზის მიწოდება.
ამავდროულად, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ აღნიშნა, რომ კიშინეუ არ აპირებს, ხელი შეუშალოს ტირასპოლის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია რეგიონის ენერგეტიკული კრიზისიდან გამოყვანისკენ.
წყარო: 1tv.ge